Thumbnail

Lizzo: მე და თქვენ იდეალურ სხეულზე სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, პლატფორმა TikTok-ზე საკუთარი ვარჯიშის ამსახველი ვიდეოების კოლაჟი გამოაქვეყნა. კადრების ჩვენების პარალელურად არტისტმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მას სიმსუქნის გამო აკრიტიკებენ.

Lizzo: საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოებს TikTok მიბლოკავს

"ბოლო ხუთი წელია, აქტიურად ვვარჯიშობ. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ თქვენი მოსაწონი სხეული მივიღო - იმისთვის ვვარჯიშობ, რომ ჩემი მოსაწონი ფორმები მქონდეს. როგორია ჩემთვის იდეალური სხეული? ეს თქვენი საქმე არ არის. მე ლამაზი, ძლიერი ვარ და ჩემს საქმეს ვემსახურები. ასე რომ, მომავალში, როცა ვინმეს გალანძღვას და განსჯას დააპირებთ იმის გამო, რომ ისინი კომბოსტოს ან "მაკდონალდსის" პროდუქციას მიირთმევენ, ვარჯიშობენ, ან არ ვარჯიშობენ, რას იტყვით, ჯერ საკუთარ თავს რომ შეხედოთ და თქვენი ულამაზესი სხეული შეათვალიეროთ? რადგან ჯანმრთელობა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, როგორ გამოიყურები ვიზუალურად. ჯანმრთელობაში ისიც მოიაზრება, როგორი ხარ შინაგანად. ბევრ თქვენგანს კი შინაგანი სამყარო აქვს გასაწმენდი", - ამბობს ლიზო ვიდეოში.

მუსიკოსის მიმართვა სოციალურ ქსელებში არაერთმა მომხმარებელმა გააზიარა, მათ შორის ცნობილმა ტელეწამყვანმა, ჯეიმს კორდენმა. "მიყვარს ლიზო", - დაწერა მან.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ არტისტმა TikTok ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა. ლიზოს მტკიცებით, პლატფორმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოებს უბლოკავდა მაშინ, როცა სხვა გოგონებს მსგავსი კადრების განთავსებისას პრობლემა არ ექმნებოდათ.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული