Thumbnail

ნახეთ: რიანამ თვეში $415 000-ად ოკეანის სანაპიროზე სახლი იქირავა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ზაფხულის გასატარებლად ნიუ იორკის შტატში მდებარე კუნძულ ლონგ აილენდზე, ჰამპტონის დასახლებაში მდებარე სახლი 415 000 დოლარად იქირავა. როგორც უძრავი ქონების აგენტმა, დილან ექჰართმა გაზეთ New York Post-ს განუცხადა, მუსიკოსი ვილაში ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე დარჩება.

რიანამ შემოსავლებით მადონასა და ბიონსეს გადაასწრო

826 კვ.მ. ფართობის შენობაში ხუთი საძინებელი, შვიდი სააბაზანო და ღია საცურაო აუზია განთავსებული. ასევე რირის განკარგულებაში იქნება კატერამდე მისასვლელი, 25-მეტრიანი ნავმისადგომი. აღსანიშნავია, რომ სახლი ამჟამად იყიდება და მისი ფასი $10.99 მილიონი დოლარია.

სწორედ ამ შენობაშია გადაღებული ამერიკული რეალითი შოუ Kourtney and Khloé Take The Hamptons, რომელშიც ტელევარსკვლავი დების, კორტნი და ქლოე კარდაშიანების 2014 წლის საზაფხულო დასვენებაა ასახული.

ფოტოგალერეა: რიანას ოკეანის სანაპიროზე $18,5-მილიონიანი სახლის შეძენა სურს

როგორც დასავლურ მედიაში იწერება, რირი ოკეანის სანაპიროზე უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შერჩეულ სახლებში გარკვეული დროის გატარება სურს. New York Post-ის ცნობით, მუსიკოსს მალიბუშიც აქვს დაჯავშნილი ვილა, სადაც შესაძლოა, აგვისტო-სექტემბრის პერიოდი გაატაროს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული