Thumbnail

არტისტები მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას როგორც რეალური სახელებით, ისე ფსევდონიმებით ცდილობენ. ზოგს ნამდვილი სახელი არ მოსწონს, ზოგის აზრით კი მეტსახელი უფრო უხდება შერჩეულ იმიჯს.

7 ჰიპ ჰოპ არტისტის სასცენო სახელის ისტორია

გაგაცნობთ ცნობილი მუსიკოსების რეალურ სახელებსა და იმ ისტორიებს, რომლებიც მათი ფსევდონიმების უკან დგას.

Billie Eilish – ბილი აილიშ ფაირათ ბერდ ო'კონელი

ბილი აილიშმა თავისი სრული სახელიდან სცენისთვის პირველი ორი სიტყვა ისესხა. გოგონას სახელი საკმაოდ საინტერესოდ იშიფრება - ბილი გოგონას გარდაცვლილი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს, აილიში მისმა მშობლებმა ირლანდიელი სიამის ტყუპი დების, ქეთისა და აილიშის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს, სიტყვა მეკობრე (Pirate) მისმა ძმამ, ფინიასმა შეარჩია, ბერდი კი მისი დედის გვარია - "ჩემი სრული სახელი უცნაურად ჟღერს, არა? ბიძაჩემს არ მოსწონდა, რომ მეკობრე დამარქვეს, რადგან ისინი ცუდი საქმეებით არიან დაკავებული", - აღნიშნა მუსიკოსმა 2017 წელს BBC-სთან ინტერვიუში.

Rihanna - რობინ რიანა ფენტი

ცნობილმა ბარბადოსელმა მომღერალმა მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება მეორე სახელით არჩია, თუმცა, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრებისთვის ის რობინად რჩება - "როცა რიანას მეძახიან, რექცია არ მაქვს. მხოლოდ რობინზე ვრეაგირებ", - განუცხადა მან 2011 წელს ჟურნალ Rolling Stone-ს. წლების შემდეგ, რირიმ საკუთარი გვარიც დაუკავშირა კომერციულად წარმატებულ საქმიანობას და ბრენდები Fenty Beauty, Savage X Fenty და Fenty დააარსა.

Cardi B - ბელქალის ალმანზარი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა თავის რეალურ და სასცენო სახელებზე ვენდი უილიამსის შოუში ისაუბრა. ქარდის თქმით, მისი ფსევდონიმი ალკოჰოლური სასმლის "ბაკარდი" შემოკლებული ვერსიაა. "ჩემს დას ჰენესი ჰქვია, ამის გამო მე "ბაკარდის" მეძახდნენ. "ბი"-ს მნიშვნელობა კი იმაზეა დამოკიდებული, რა ხასიათზე გავიღვიძებ. ხანდახან ეს მშვენიერს ნიშნავს, ხანდახან კი ხულიგანს (beautiful; bully). ბელქალისს არავინ მეძახის დედისა და მამის გარდა", - ამბობს რეპერი.

Drake - ობრი დრეიქ გრეემი

მანამ მუსიკოსი გახდებოდა, დრეიქი სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა. კანადურ სატელევიზიო შოუში Degrassi მონაწილეობისას, მას ობრი გრეემის სახელით იცნობდნენ. 2009 წელს, როცა რეპერ ლილ უეინის ლეიბლში Young Money Entertainment გაწევრიანდა, ჩათვალა, რომ ჰიპ ჰოპ სცენას მისი მეორე სახელი, დრეიქი უფრო მოუხდებოდა.

Lady Gaga - სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა

პოპვარსკვლავმა კარიერა 2001 წელს ნამდვილი სახელით და გვარით ჯგუფში Stefani Germanotta Band დაიწყო. 2006 წელს მან პროდიუსერი რობ ფუსარი გაიცნო, რომელსაც, თანამშრომლობის პარალელურად, ხვდებოდა კიდეც. ფუსარის მტკიცებით, სწორედ მან შეარქვა სტეფანის "ლედი გაგა" ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ჰიტის Radio Ga Ga შთაგონებით. მსგავსი ისტორია მოყვა მუსიკოსმა ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში, თუმცა, ფუსარი არ უხსენებია: "გაგას ჩემი მეგობრები მეძახდნენ. მეც მომეწონა და Queen-ის სიმღერის Radio Ga Ga გავლენით ეს სასცენო სახელი შევირჩიე. ვფიქრობ, შემეფერება".  2013 წელს კი ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში არტისტმა თავის ნამდვილ სახელზე ისაუბრა - "სტეფანი მუდმივად ტანჯვაში მყოფ არტისტს მაგონებს. პუბლიკის წინაშე ვერ ვიქნები სტეფანი, რადგან ის ამ ყველაფერს თავს ვერ გაართმევს".

Nicki Minaj - ონიკა ტანია მარაჟი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებელი კარიერის დასაწყისში Cookie-სა და Harajuku Barbie-ს მეტსახელებით გამოდიოდა, შემდეგ კი, საკუთარი ნების საწინააღდეგოდ, მინაჟის დარქმევა მოუხდა - "ერთ-ერთი პირველი კონტრაქტის გაფორმებისას ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემი სახელი მინაჟი უნდა ყოფილიყო. თავიდან შევეწინააღმდეგე, მაგრამ საბოლოოდ დამითანხმა. არ მომწონს, როცა ოჯახი და ახლო მეგობრები ამ სახელით მომმართავენ. როცა მათ გვერდით ვარ, თავი ნიკი მინაჟად არ მიმაჩნია", - განუცხადა მან 2012 წელს გამოცემა The Guardian-ს. 

P!nk – ალიშა ბეთ მური

ამერიკელი პოპვარსკვლავის თქმით, ფინქს ბავშვობიდან ეძახდნენ. ამ მეტსახელის უკან ბევრი ისტორიაა, მათ შორის კვენტინ ტარანტინოს ფილმი Reservoir Dogs, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟიც მისტერ ფინქია", - აღნიშნა მუსიკოსმა 2016 წელს ტელეკომპანია ABC-ის გადაცემაში Good Morning America.

Miley Cyrus – დესთინი ჰოუპ საირუსი

ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავის დაბადების სახელი დესთინი ჰოუპია. რაც შეეხება ფსევდონომს, ის მუსიკოსი მამის, ბილი რეი საირუსის მიერ გოგონასთვის შერქმეული მეტსახელიდან Smiley (ღიმილიანი) წარმოდგება. 2008 წელს მომღერალმა ოფიციალურად მაილი რეი დაირქვა.

The Weeknd - აბელ მაკონენ ტესფაიე

მაკონენი კანადელი არტისტის მამას ერქვა, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა უიქენდი ორი წლისაც არ იყო. 2016 წელს არტისტმა პლატფორმა Reddit-ზე დაწერა, რომ ფანების ნებისმიერ კითხვას უპასუხებდა, რა დროსაც, საუბარი მის ფსევდონიმს შეეხო. მუსიკოსის თქმით, საკუთარი სახელი არ მოსწონდა, მეტსახელი კი მას შემდეგ მოაფიქრდა, რაც სკოლიდან გაგდების შემდეგ, ერთ-ერთ უიქენდზე სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა.   "სიტყვიდან ბოლო e ამოვიღე, რადგან მაგ დასახელებით უკვე მოღვაწეობდა ერთი ბენდი და საავტორო უფლებებს ვერ დავარღვევდი", - აღნიშნა მან.  

Lizzo - მელისა ვივიან ჯეფერსონი

მუსიკოსი ამ ფსევდონიმს 14 წლის ასაკიდან იყენებს, მას შემდეგ, რაც თანაკლასელებთან ერთად ჰიპ ჰოპ ჯგუფი The Cornrow Clique ჩამოაყალიბა. როგორც არტისტმა ჟურნალ The Cut-თან ინტერვიუში აღნიშნა, ლიზო მისი სახელის, მელისას შემოკლებული ვერსიისა და რეპერ Jay-Z-ის ტრეკის დასახელების Izzo კომბინაციაა.  

Halsey - ეშლი ნიკოლეტ ფრენჯიპანი

ჰოლზი იმ მუსიკოსებს განეკუთვნება, რომლებიც საკუთარ ნამდვილ სახელს არა მარტო სცენაზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც გაურბიან - "არ მომეწონა ეშლი ფრენჯიპანად ყოფნა. მას სუსტ, სულელ და სევდიან ადამიანად მივიჩნევ", - აღნიშნა მან 2016 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში. რაც შეეხება ფსევდონიმის ისტორიას - ერთხელ ბრუკლინში ჰოლზის ქუჩაზე მოხვედრისას აღმოაჩინა, რომ ეს სახელწოდება იმავე ასოებს მოიცავდა, რომელსაც მისი ნამდვილი სახელი Ashley.

Elton John – რეჯინალდ კენეტ დუაიტი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Rocketman მიხედვით, მან ფსევდონიმი ლეგენდარული "ბითლზის" წევრის, ჯონ ლენონის ინსპირაციით დაირქვა. თუმცა, სხვადასხვა გამოცემის თანახმად, ჯგუფის პიანისტობიდან მომღერლის კარიერაზე გადართულმა არტისტმა სასცენო სახელი თავისი ბენდის Bluesology წევრების, საქსოფონისტ ელტონ დინისა და ბლუზ მომღერალ ლონგ ჯონის სახელების გაერთიანებით მიიღო.

Katy Perry - კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონი

მანამ ჩარტების სათავეში მოექცეოდა, კეტი პერი ნამდვილი სახელით ქმნიდა ქრისტიანულ მუსიკას. ამ პერიოდში მან გოსპელ ალბომი Katy Hudson გაავრცელა. არტისტმა სახელი იმის გამო შეიცვალა, რომ ცნობილ მსახიობ ქეით ჰადსონში არ შეშლოდათ. ფსევდონიმისთვის დედის, მერი პერის გვარი შეარჩია, სახელად კი კეტრინის შემოკლებული ვერსია გამოიყენა.

Lil Nas X - მონტერო ლამარ ჰილი

როგორც ატლანტელმა ქანთრი რეპერმა Apple-ის რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში აღნიშნა, მეტსახელს "ლილ ნას" თავიდან ინტერნეტში იყენებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეპერის კარიერას სერიოზულად მოეკიდა, Lil Nas X დაირქვა. "თავიდან X არ შედიოდა ჩემს ფსევდონიმში, უბრალოდ, ლილ ნასი ვიყავი, რადგან, გარეპვას სერიოზულად არ ვეკიდებოდი. ვფიქრობდი - ჯანდაბას, ყველა რეპერის სახელი "ლილ" სიტყვით იწყება-მეთქი. შემდეგ კი "იქსი" დავამატე იმ გაურკვეველი რაოდენობის წლების აღსანიშნად, რაც ლეგენდარული შემსრულებლის სტატუსის მოსაპოვებლად დამჭირდება", - განაცხადა მან.

Frank Ocean – ქრისტოფერ ედვინ ქუქსი

პოპულარული მუსიკოსმა ფრენკ ოუშენი იმიტომ დაირქვა, რომ ნამდვილი სახელი არ მოსწონდა. როგორც ის აღნიშნავდა, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ერქვას. არსებული ინფორმაციით, შემსრულებლის სახელი 1960 წლის ფილმით Ocean's 11 არის ინსპირირებული. არტისტმა ფრენკ ოუშენი ოფიციალურად 2015 წლის 23 აპრილს დაირეგისტრირა.

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული