Thumbnail

ჯულიან ლენონი: მამა საუბრობდა სიყვარულის მნიშვნელობაზე, ჩემთვის კი ის არ უჩვენებია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1980 წელს, ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არტისტის მთელი ქონება და შემოსავლები მეორე ცოლს, იოკო ონოსა და მათ საერთო ვაჟს, შონს რჩებოდათ, ჯულიანი კი, რომელიც ჯონს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, 62 500-მდე დოლარს უნდა დასჯერებოდა, რომლის განკარგვის უფლებასაც, მისი მშობლების განქორწინების დოკუმენტის მიხედვით, 25 წლის ასაკში მოიპოვებდა. მანამდე კი, ბიჭი ალიმენტს იღებდა, რომელიც ყოველწლიურად 3000 დოლარს შეადგენდა. ამ თანხის ღირებულება დღეისათვის 10 000-მდე დოლარია.

ჯონ ლენონის შვილი: მამა, იოკო ონოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა

ჯულიანი ყოველთვის გულახდილად საუბრობდა იმ წყენაზე, რაც მამისგან ახსოვდა. 1998 წელს გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში ის ამბობდა:

"მამაჩემს შეეძლო, ხმამაღლა ელაპარაკა მსოფლიოში მშვიდობისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე, მაგრამ თავად არასდროს უჩვენებია სიყვარული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, წესით, მისთვის ყველაზე ღირებული უნდა ყოფილიყვნენ - ცოლისა და შვილისთვის. როგორ შეიძლება, მშვიდობასა და სიყვარულზე ისაუბრო და ოჯახს ასე მოექცე? ღალატი, გაყრა და კომუნიკაციის შეწყვეტა. ამის გაკეთებას ვერ შეძლებ, თუ შენს თავთან მართალი გინდა, იყო.

არ ვთვლი, რომ ქონების საკითხი სამართლიანად გადაწყდა, თუმცა, არა უშავს. სასამართლო დავა ბოლო რამ იყო, რაც მსურდა. მათ ბევრად მეტი ფული ჰქონდათ, ვიდრე მე. ასეთი პროცესები წლობით შეიძლება, გაგრძელდეს, რაც ძალიან დიდი წნეხია. არც მე და არც შონს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა არ გვექნებოდა. მე, უბრალოდ, მინდოდა, ამ ჯოჯოხეთს შევშვებოდი და ჩემი ცხოვრების ეს თავი დამეხურა", - ამბობდა მაშინ ჯულიანი.

ამის მიუხედავად, ჯულიანმა მამის ქონებისთვის, რომელიც მაშინ 275 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, სასამართლო დავა მაინც წამოიწყო და კომპენსაციაც მიიღო, თუმცა, უცნობია, რა ოდენობით. თანხის ნაწილით, მან მამასთან და "ბითლზთან" დაკავშირებული ნივთების შესყიდვა დაიწყო, მათ შორის შეიძინა ფურცელი, რომელზეც პოლ მაკკარტნის მიერ მისთვის მიძღვნილი სიმღერის Hey Jude ნოტები იყო დაწერილი და ავღანური ქურთუკი, რომელსაც ჯონ ლენონი ატარებდა.

ჯონი დეიდასა და  ჯულიანთან ერთად 1967 წელს, პაპარაცის ობიექტივში

თავად ჯონმა შვილებთან დაკავშირებით Playboy-სთვის მიცემულ ცნობილ ინტერვიუში ისაუბრა:

"ჩემთვის მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ შონის დაბადება დაგეგმილი იყო. ამის გამო ჯულიანი ნაკლებად არ მიყვარს. ის მაინც ჩემი შვილია - ვისკის ბოთლისგან წარმოიშვა თუ იმის გამო, რომ იმ დროს კონტრაცეპტივები არ არსებობდა. ის აქ არის, მე მეკუთვნის და სულ ასე იქნება".

არტისტმა პირველი ცოლი, სინტია 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას გაიცნო. ჯულიანი სამი წლის იყო, როცა 1966 წელს, ჯონის ცხოვრებაში ავანგარდისტი მხატვარი, იოკო ონო გამოჩნდა. ისინი ერთმანეთს სინტიასთან განქორწინებამდე საიდუმლოდ ხვდებოდნენ. მოგვიანებით იოკოსა და ჯონს ვაჟი, სახელად შონი შეეძინათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული