Thumbnail

5 კონცერტი, რომელსაც მილიონზე მეტი მსმენელი დაესწრო

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მარტივად მისახვედრი მიზეზების გამო, ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი კონცერტების ჩამონათვალში ის ღონისძიებები ლიდერობს, რომელზეც მოსახვედრად მსმენელებს ბილეთის შეძენა არ სჭირდებათ. პოპულარული არტისტების მიერ ჩატარებულ ზოგიერთ ასეთ უფასო შოუზე ასეულ ათასობით ადამიანი იყრის თავს, ხანდახან კი მათი რიცხვი მილიონსაც აჭარბებს.

ჩვენს სტატიაში სწორედ სხვადასხვა დროს გამართულ 5 კონცერტზე ვისაუბრებთ, რომლებზეც დამსწრეთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

5. The Beach Boys

ფილადელფია, აშშ (1985)

1 მილიონი მსმენელი

1961 წელს ჩამოყალიბებული The Beach Boys ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდია ამერიკის ისტორიაში. კალიფორნიული კოლექტივის კომპოზიციები თაობების ჰიმნებად იქცა, მათი ფრონტმენის, ბრაიან ვილსონის ინოვაციებმა კი მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.

არსებობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პერფორმანსი ჯგუფმა 1985 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის წინ გამართა. "ბიჩ ბოისს" სცენაზე პარტნიორობა ჯოან ჯეტმა, ჯიმი პეიჯმა, კრისტოფერ კროსმა და სხვა ცნობილმა არტისტებმა გაუწიეს, დამსწრეთა რაოდენობამ კი 1 მილიონს გადააჭარბა.

4. The Rolling Stones

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია (2006)

1,5 მილიონი მსმენელი

2005-2007 წლებში ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა The Rolling Stones კარიერაში ყველაზე წარმატებული მსოფლიო ტურნე A Bigger Bang ჩაატარა, რომელმაც ცხადყო, რომ შორეულ 1962 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პოპულარობას 21-ე საუკუნეშიც არ კარგავდა.

ამ ტურნემ "როლინგ სთოუნზს" ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა. მის ფარგლებში ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ 2006 წლის 18 თებერვალს ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართა და დანარჩენი კონცერტებისგან განსხვავებით, მასზე დასწრება უფასო იყო. კოპაკაბანას პლაჟზე საყვარელი მუსიკოსების მოსასმენად 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

3. Monsters of Rock

მოსკოვი, საბჭოთა კავშირი (1991)

1,6 მილიონი მსმენელი

1991 წელს ფესტივალი Monsters of Rock ტრადიციულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, რომელთა ჩამონათვალშიც საბჭოთა კავშირი პირველად და, საბედნიეროდ, უკანასკნელად მოხვდა. შოუდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ამ სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

28 სექტემბერს, ქალაქ მოსკოვში, ტუშინოს აეროდრომის ტერიტორიაზე გამართულ კონცერტში ისეთი ჯგუფები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან AC/DC, Metallica, Pantera და The Black Crowes. მათ გამოსვლას როკისა და მეტალის 1,6 მილიონზე მეტი ადგილობრივი მსმენელი დაესწრო, რომლისთვისაც მსგავსი ღონისძიება, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების ოცნებას წარმოადგენდა.

2. Rod Stewart

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია (1994)

3,5 მილიონი მსმენელი

გასაკვირი არაა, რომ ჩვენს სტატიაში მუსიკასა და დღესასწაულებზე უზომოდ შეყვარებული ბრაზილიელები დომინირებენ. სწორედ ამ ქვეყნის 3.5 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი შეიკრიბა 1994 წლის 31 დეკემბერს კოპაკაბანას პლაჟზე, სადაც კონცერტი იმ დროისთვის პოპულარობის პიკზე მყოფმა ბრიტანელმა შემსრულებელმა, როდ სტიუარტმა გამართა. 

მასშტაბურობიდან გამომდინარე, მუსიკალური ტელეარხის, MTV-ის მხარდაჭერით ჩატარებულ საახალწლო შოუზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, როდ სტიუარტი ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალ კონცერტზე გამოსული არტისტის ტიტულს ელექტრონული მუსიკის ფრანგ ლეგენდასთან, ჟან-მიშელ ჟართან ინაწილებს, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. 

1. Jean-Michel Jarre

მოსკოვი, რუსეთი (1997)

3,5 მილიონი მსმენელი

ჟან-მიშელ ჟარი ყველა დროის ყველაზე ხალხმრავალი კონცერტების ჩამონათვალში სხვადასხვა დროს გამართული სამი შოუთია წარმოდგენილი. 1979 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, ელექტრონული მუსიკის ფრანგი პიონერის ლაივს ქალაქ პარიზში მილიონი მსმენელი დაესწრო, ხოლო 1986 წლის 5 აპრილს, ხომალდ "ჩელენჯერის" კატასტროფის დროს დაღუპული ასტრონავტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების აუდიტორიამ ქალაქ ჰიუსტონში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი შეადგინა.

1997 წლის 6 სექტემბერს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსეთის დედაქალაქის დაარსებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე კი დასწრების მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. ჟან-მიშელ ჟარის მოსასმენად მოსული ადამიანების რაოდენობა 3,5 მილიონს აღემატებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული