Thumbnail

რატომ არ მოსწონდა ჯორჯ ჰარისონს იოკო ონო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დაშლის შემდეგ მისმა ყოფილმა წევრებმა საჯაროდ დაიწყეს იმ დაძაბულობაზე საუბარი, რომელიც ბოლო წლებში მათ კოლექტივში იგრძნობოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლენონის მეორე ცოლი, იოკო ონო გახდა, რომელიც, თავად ჯონის მტკიცებით, მისმა კოლეგებმა არც ისე გულთბილად მიიღეს.

რატომ გაუცრუა ჯორჯ ჰარისონს იმედი პოლ მაკკარტნის სადებიუტო სოლო ალბომმა

ქვიზი: გაიგე, The Beatles-ის რომელი წევრი ხარ

1970 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან საუბარში ჯონი იხსენებდა, რომ განსაკუთრებით ჯორჯ ჰარისონის დამოკიდებულებაზე იყო ნაწყენი, რომელიც, მისივე თქმით, ქალს ყველას თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას.

"ან მათთან უნდა ვყოფილიყავი ქორწინებაში, ან იოკოსთან. იოკო ავირჩიე და სწორადაც მოვიქეცი. როცა ის სტუდიაში ჩვენს გვერდით იყო, ყველა ერთნაირად იქცეოდა. პოლსაც ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ თავიდან ვერ იტანდა, შემდეგ კი მოეწონა. მაგრამ ჩემთვის ეს დაგვიანებული იყო. მე იოკოსკენ ვიყავი.

ერთხელ ჩვენს ლეიბლში, Apple Records-ში ვიყავით, როცა ჯორჯმა პირდაპირ სახეში მიახალა იოკოს შეურაცხმყოფელი სიტყვები. მან ყველას გასაგონად თქვა - ბევრისგან გვსმენია, რომ ამ ქალს ნიუ იორკში სახელი აქვს გატეხილი და მისგან ცუდი მუხტი მოდისო. არც კი ვიცი, ამის გამო როგორ არ დავარტყი", - ამბობდა ჯონი.

იოკოსა და ჰარისონს შორის დაძაბულ ურთიერთობას სხვებიც ამჩნევდნენ. კოლექტივის ალბომზე Abbey Road მომუშავე ხმის ინჟინერი, გეოფ ემერიკი თავის ბიოგრაფიულ წიგნში Here, There and Everywhere: My Life Recording the Music of the Beatles იხსენებდა:

"ყველა სტუდიაში ვიყავით. შევამჩნიე, რომ ქვედა სართულზე ჯორჯის ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. შემდეგ უფრო დაჟინებით დაიწყო ყურება. იმ პერიოდში იოკო და ჯონი ავარიის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდნენ. სტუდიაში იოკოსთვის საწოლი გვედგა, რომ კომფორტულად ეგრძნო თავი. დავინახე, როგორ წამოდგა და გაემართა ჰარისონის კაბინეტისკენ, სადაც ორცხობილას შეკვრა იდო. მან ყუთი გახსნა, ფრთხილად ამოიღო ერთი ცალი და პირამდეც არ ჰქონდა მიტანილი, როცა ჯორჯმა თავი ვერ შეიკავა და "ეს ძუკნაო" ჩაილაპარაკა. ყველამ ისეთი სახე მივიღეთ, თითქოს ვერაფერს მივხვდით, მაგრამ სინამდვილეში ვიცოდით, ვის მიმართა".

თავად ჰარისონმა 1971 წელს ტელეწამყვან დიკ ქევიტთან ინტერვიუში ჯონსა და იოკოზე საუბრისას აღნიშნა:

"ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. ჩვენს ჯგუფში იოკოს გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო პრობლემები".

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წლის მაისში კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული