Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა ცარიელ სტადიონზე The Beatles-ის Help! შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა მოძრაობა Global Citizen-ის მიერ ორგანიზებულ კონცერტში Global Goal: Unite For Our Future მიიღო მონაწილეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ისახავდა მიზნად. 27 წლის მუსიკოსმა კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენაში, Rose Bowl-ის ცარიელ სტადიონზე გამოსვლისას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ჰიტი Help! იმღერა. პერფორმანსი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა.

ნახეთ: მაილი საირუსმა Pink Floyd-ის ჰიტი Wish You Were Here შეასრულა

ნახეთ: მაილი საირუსმა The Doors-ის კომპოზიცია Roadhouse Blues შეასრულა

"ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ კორონავირუსის ტესტირებაზე, მკურნალობასა და ვაქცინის შექმნაზე იმისთვის, რომ ყველამ შევძლოთ ცარიელი სტადიონების კვლავ შევსება", - ვკითხულობთ პერფორმანსის ვიდეოჩანაწერის დასაწყისში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან კონცერტში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: შაკირა, ჯასტინ ბიბერი, აშერი, ქუავო, ჯეი ბალვინი, Christine And The Queens, ჯგუფი Coldplay და სხვები. მოძრაობა Global Citizen-ს, არაერთი ქვეყნის მთავრობის, კერძო სექტორისა თუ ფონდების ჩართულობით, COVID-19-თან საბრძოლველად ჯამში უკვე 6.9 მილიარდი დოლარი აქვს მობილიზებული.

Help! "ბითლზის" მიერ 1965 წელს გავრცელებული სინგლია, რომელიც კოლექტივის რიგით მეხუთე, ამავე სახელწოდების ალბომსა და მის შესახებ შექმნილ კომედიურ-სათავგადასავლო ფილმში Help! არის გამოყენებული. კომპოზიცია სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტებს. ჟურნალმა Rolling Stone ის ყველა დროის საუკეთესო სიმღერების 500-ეულში 29-ე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული