Thumbnail

ყოფილი პირადი მცველი: ეს ორი ეგოისტი, კიმი და ქანიე ვერ დამაშინებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთისა და მისი ყოფილი მცველის, სტივ სტენილესის დაპირისპირება გრძელდება. ონლაინ გამოცემამ Page Six სტენილესის ადვოკატების მიერ შედგენილი იურიდიული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც რეპერისა და მისი ცოლის, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის წერილის პასუხად მომზადდა. შეგახსენებთ, რომ ქანიემ და კიმმა სტენილესი გააფრთხილეს, რომ სასამართლოს გზით სულ მცირე 10 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოსთხოვდნენ, თუ კიდევ ერთხელ დაარღვევდა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და მათი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ისაუბრებდა.

ინფორმაციის გათქმის გამო, ქანიე ვესთი და კიმ კარდაშიანი მცველს ჩივილით ემუქრებიან

ქანიე ვესთის ყოფილი მცველი: მას სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდა

წყვილის საპასუხოდ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტენილესს მსგავს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და რეპერის წინააღმდეგ სასამართლოს თავად მიმართავს, თუ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს მის დადანაშაულებას, თითქოს კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმებას არღვევდეს.

"ნებისმიერ მცდელობას, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმების შესრულება მოეთხოვოს, საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება სარჩელის სახით, რომელიც, დიდი ოდენობის კომპენსაციასთან ერთად, სასამართლო გადასახადებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებას გაითვალისწინებს", - ნათქვამია ადვოკატების მიერ შედგენილ დოკუმენტში.

თავად სტენილესმა, რომელიც ამჟამად კინობიზნესში საქმიანობს, Page Six-თან გაკეთებულ კომენტარში ქანიესა და კიმს ეგოისტები უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ წყვილს მისი სარეჟისორო საქმიანობისთვის ხელის შეშლა აქვს განზრახული.

"არ ვაპირებ, ქანიე ვესთსა და კიმ კარდაშიანს, რომლის ხელმოწერაც ასევე ჰქონდა დართული გაფრთხილების დოკუმენტს, მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდრები და ცნობილები არიან, საშუალება მივცე, აგდებულად მომექცნენ. ეს ორი ეგოისტი ვერ დამაშინებს. თუ კანიე და კიმი ომის გაჩაღებას აპირებენ, ვეტყვი, რომ მხოლოდ მათ არ ჰყავთ უფლებადამცველთა ძლიერი გუნდი", - განუცხადა სტენილესმა გამოცემას და აღნიშნა, რომ ჰოლივუდში პირად მცველად მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ფილმის გადაღებას აპირებს.

შეგახსენებთ, სტივ სტენილესი ქანიე ვესთს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 2016 წელს რეპერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა პირადი მცველი Met Gala-ს ღონისძიების საღამოს, ნიუ იორკის სასტუმროს Waldorf Astoria საპრეზიდენტო ნომერთან იმ დროს გამოიჭირა, როდესაც მის ცოლს, კიმ კარდაშიანს ეფლირტავებოდა. სტენილისმა ბრალდება უარყო და მედიაში ქანიესთან დაკავშირებით არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. წყვილმა მას წერილი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანია Apple-ის პოდკასტში Hollywood Raw სტუმრობისას, ყოფილმა მცველმა ვესთთან მუშაობის პერიოდზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეპერს სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდა. მან აგრეთვე ეჭვი გამოთქვა, რომ ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებს წინასწარ ატყობინებდა საკუთარ ადგილსამყოფელს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული