Thumbnail

The Pussycat Dolls ჯგუფ Blackpink-ს ჩარტებში მათი რეკორდის გამეორებას ულოცავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული კოლექტივის, BLACKPINK-ის ახალი კომპოზიცია How You Like That ბილბორდის ჩარტში Digital Song Sales მეორე ადგილზე მოხვდა. ეს უმაღლესი პოზიციაა, რომელიც ამ ჩარტის ისტორიაში გოგონათა ჯგუფის მიერ გავრცელებულ სინგლს დაუკავებია. პირველად ასეთ შედეგს The Pussycat Dolls-მა მიაღწია 2005 წელს გამოშვებული სიმღერით Don't Cha, მეორედ კი 2007 წელს The Chicks-მა ტრეკით Not Ready to Make Nice. "ბლექფინქის" წარმატებას The Pussycat Dolls ტვიტერზე გამოეხმაურა.

BLACKPINK-მა იუთუბზე BTS-ის რეკორდი მოხსნა

"გილოცავთ, გოგონებო!", - გააზიარა კოლექტივმა კომპანია Chart Data-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

How You Like That, რომელიც "ბლექფინქის" პირველ სრულმეტრაჟიან ალბომში შევა, 26 ივნისს გავრცელდა. სიმღერის დებიუტი ბილბორდის მთავარ ჰიტ-აღლუმში 33-ე პოზიციაზე შედგა. ამასთან, ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში 82,4 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც გოგონებმა სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის რეკორდი მოხსნეს.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული