Thumbnail

ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე გადაღებული ფილმის Leaving Neverland გამოსვლის შემდეგ არტისტის მიმართ ბრალდებებმა იმატა. თუმცა, ისინი ამ დრომდე დადასტურებული არ არის. ახლახან ჯექსონის ყოფილი პირადი მცველი, მეთ ფიდესი Apple Music-ის პოდკასტს The Scott McGlynn show სტუმრობდა, რომელშიც ჰკითხეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მომღერალს "ნევერლენდის" რანჩოში "საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის".

მაიკლ ჯექსონი: ბავშვობაში ვტიროდი, როცა სხვები თამაშობდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა

მაკოლეი კალკინმა განმარტა, რა ურთიერთობა ჰქონდა მაიკლ ჯექსონთან

"ამბობენ, რომ მაიკლმა ბავშვებისთვის სპეციალური საიდუმლო ოთახი ააშენა, არადა, ეს სივრცე უკვე არსებობდა ამ შენობაში. გასაკვირი არ არის, რომ მულტიმილიარდერის სახლში ოთახი ყოფილიყო, რომელსაც სინამდვილეში საევაკუაციო დანიშნულება ჰქონდა. იქ ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ პრობლემის მოგვარებამდე რამდენიმე დღე მოწყენის გარეშე გაეტარებინა", - განმარტა ფიდესმა.

მეთ ფიდესი მაიკლ ჯექსონთან ერთად 2002 წელს

მცველისვე თქმით, მუსიკოსი ამ ოთახით მაშინ სარგებლობდა, როდესაც მისი რანჩოს ტერიტორიაზე უცხო პირები იჭრებოდნენ.

"იყო შემთხვევები, როცა ადამიანები პარაშუტით ხტებოდნენ ეზოში. ამ დროს რანჩოს თანამშრომლები მაიკლს ეუბნებოდნენ, იქ შესულიყო. ასე რომ, ეს საიდუმლო ოთახი არ ყოფილა. ძალიან არასერიოზულია, როცა ხალხი ასეთ რაღაცებს იგონებს", - აღნიშნა მან.

2019 წელს გავრცელებული ფილმი, Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. სეიფჩაკმა არტისტი 10 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც მასთან ერთად პეპსის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რობსონი კი ჯექსონს 7 წლის ასაკში, კონცერტზე შეხვდა. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე ამ პერიოდში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი წაშალეს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული