Thumbnail

თალიბ ქვალი: "ბლექ სთარისა" და მედლიბის ალბომი აღარ გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, თალიბ ქვალისა და მოს დეფის ცნობილი დუეტის, "ბლექ სთარის" ალბომი, რომელსაც თაყვანისმცემლები გასული წლის ზაფხულიდან ელოდნენ, აღარ გამოიცემა. ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, მედლიბის პროდიუსირებით შექმნილი ნამუშევრის არსებობის შესახებ თალიბმა კიდევ ერთ სახელოვან კოლეგასთან, დიჯეი პრემიერთან 2019 წლის ივნისში ისაუბრა. მოგვიანებით მანვე განაცხადა, რომ არტისტებმა სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულეს და მის გასავრცელებლად შესაბამის მომენტს ელოდნენ.

Talib Kweli რუსი რეპერების კარიერის დასრულებით იმუქრება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალბომი აღარ გამოიცემა, თავად თალიბ ქვალიმ ინსტაგრამზე გაამხილა. თუმცა, მოგვიანებით პოსტი წაშალა.

"ამ თემის ირგვლივ გაჩუმებას აღარ ვაპირებ. მე ყველაფერი ვცადე. ალბომზე მუშაობისას მსოფლიოს არაერთ წერტილში ვიმოგზაურე. ყველა ხარჯი საკუთარი ჯიბით დავფარე. თქვენსავით "ბლექ სთარის" ფანი ვარ და ჩანაწერის გამოშვება ძალიან მსურდა, მაგრამ ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში მუსიკა არ დაუწერია და სიტყვები არ გაურითმავს, ჩვენს შრომას უპატივცემულოდ ეპყრობა. ხარბი ადამიანები მედლიბთან თანამშრომლობაში ხელს გვიშლიან. ალბომზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ დავასრულეთ. ნამუშევარი ახლა ღმერთის ხელშია. შესაძლოა, ის ოდესმე, ჩემი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდეს", - დაწერა თალიბმა სოციალურ ქსელში.

ჰიპ ჰოპ დუეტი Black Star 1997 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა. მოს დეფისა და თალიბ ქვალის გაერთიანებამ 1998 წელს მხოლოდ ერთი ალბომი Mos Def & Talib Kweli Are Black Star გაავრცელა. იასინ ბეისა და თალიბის გარდა, სტუდიური ჩანაწერის შექმნაში ისეთმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: Common, Hi-Tek, 88-Keys და სხვა. ნამუშევარმა, რომლის ერთადერთი სინგლი Respiration გახლავთ, კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასებები და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული