Thumbnail

გიტარა, რომელიც ჯიმი პეიჯს 45 წლის შემდეგ დაუბრუნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1970 წელს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Led Zeppelin-ის ამერიკული ტურნეს დროს კოლექტივის გიტარისტმა, ჯიმი პეიჯმა თავისი საყვარელი ინსტრუმენტი Black Beauty დაკარგა. გიტარა მინეაპოლისის აეროპორტში Minneapolis–Saint Paul International Airport გაუჩინარდა. მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ ის ბარგის გადატანაზე პასუხისმგებელმა პირმა მოიპარა. კომპანია "გიბსონის" მიერ გამოშვებული Gibson Led Paul Custom პეიჯმა 18 წლის ასაკში ლონდონში შეიძინა.

ნახეთ: 13 წლის ჯიმი პეიჯი გიტარაზე უკრავს

ჯიმი პეიჯი შიშობდა, რომ "ბითლზის" აღდგენის შემთხვევაში "ლედ ზეპელინს" დაივიწყებდნენ

პეიჯი საყვარელი გიტარის დაკარგვამ იმდენად დაამწუხრა, რომ 1973 წელს ჟურნალში Rolling Stone განცხადება გამოაქვეყნა:

"დაჯილდოვდება ბრიტანელი როკ მუსიკოსის დაკარგული ან მოპარული შავი ფერის გიტარის Gibson Led Paul Custom დამბრუნებელი. ინსტრუმენტი დაახლოებით ერთი წლის წინ აშშ-ში გაუჩინარდა. მას კითხვების დასმის გარეშე ჩავიბარებთ".

ინსტრუმენტი მუსიკოსს 2015 წლამდე არ უნახავს. არსებული ინფორმაციით, ის პეიჯს მინესოტას შტატში მცხოვრებმა მეგობარმა დაუბრუნა, რომელიც გიტარების დილერად მუშაობდა. ამის შესახებ 2016 წელს "ლედ ზეპელინის" ტურნეებზე მომუშავე პირის, ჰენრი სმიტის კომენტარიდან გახდა ცნობილი.

2019 წელს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ჯიმი პეიჯის გიტარების გამოფენა გაიხსნა. რამდენიმე დღით ადრე გამოცემამ LedZepNews დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ექსპონატი სწორედ Black Beauty იქნებოდა.

1962-67 წლებში ჯიმი პეიჯი Black Beauty-ს "ლედ ზეპელინის" სესიებზე ხშირად იყენებდა. ის გიტარას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა და არსად დაჰქონდა. პირველად სწორედ ამერიკულ ტურნეში გადაწყვიტა მისი წაღება. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს კომპანია "გიბსონმა" ამ გიტარის ასლები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა.

ჯიმი პეიჯი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ პეიჯი გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" ის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული