Thumbnail

პოლიციამ ფოფ სმოუქის მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა სამართალდამცველებმა 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, იგივე Pop Smoke-ის მკვლელობის საქმეზე 5 მამაკაცი დააკავეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანი პირია. ამის შესახებ განცხადება პოლიციის ტვიტერზე გავრცელდა:

მოუსმინეთ: გარდაცვლილი Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომი გავრცელდა

"ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრებმა სამი ზრდასრული მამაკაცი და ორი არასრულწლოვანი ბიჭი დააკავეს 19 თებერვალს მოკლული ბაშარ ჯექსონის საქმეზე. დეტალურ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით".

ბრუკლინელი რეპერი ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე ნაქირავებ სახლში მოკლეს. პოლიციის განმარტებით, ჰუდებში გამოწყობილი ბოროტმოქმედები ფოფ სმოუქის ბინაში გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. რეპერი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ჯექსონის მენტორი, ვეტერანი ქუინსელი რეპერი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული