Thumbnail

ბრაიან მეიმ გაამხილა, რა საერთო აქვს ჯიმი პეიჯთან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გამოცემა Guitar World-თან ინტერვიუში Led Zeppelin-ის ყოფილ გიტარისტ ჯიმი პეიჯზე ისაუბრა. მუსიკოსმა გაიხსენა, რომ დაწყებით კლასებში სწავლისას ისინი ერთ სკოლაში დადიოდნენ.

ბრაიან მეი: საუკეთესო გიტარისტის წოდებას ჩემზე მეტად სხვები იმსახურებენ

"ჯიმი თითქმის ჩემი თაობისაა, ცოტა უფროსია. დაწყებით კლასებში ერთსა და იმავე სკოლაში დავდიოდით. 2 ან 3 წლით ჩემზე დიდი იყო, პატარა ასაკში კი ეს ბევრი გგონია. ამიტომაც მას მუდმივად ვაკვირდებოდი. უცნაური ისაა, რომ ამჟამად ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ვცხოვრობთ.

ჩემთვის ის გამომგონებელია. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მძიმე როკის ფორმირებაში. არასოდეს მბეზრდება "ლედ ზეპელინის" ალბომების მოსმენა და ეს არც მომავალში მოხდება. ახლა სახალისო გასახსენებელია, როცა პატარა ბიჭები ვიყავით, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და იმედი გვქონდა, რომ ერთ დღეს როკ ვარსკვლავები გავხდებოდით - მათი ცხოვრებით ვიცხოვრებდით", - იხსენებს მეი.

ბრაიან მეი ბავშვობაში

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

ჯიმი პეიჯი

ჯიმი პეიჯი კი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ ის გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" მუსიკოსი 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული