Thumbnail

მიკ ჯაგერის ვარაუდი, თუ რატომ ვერ გაუგეს ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ ერთმანეთს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი არტისტების, ჯონ ლენონისა და პოლ მაკკარტნის დუეტი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობაა, რომლის შედეგიც 1962-70 წლებში The Beatles-ის მიერ გავრცელებული 180-მდე კომპოზიციაა. კოლექტივის დაშლის შემდეგ ბევრი ვერსია გაჩნდა, თუ რატომ გაიყო ჯონისა და პოლის გზები. 1995 წელს გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა მიკ ჯაგერმა, რომელიც, თავის მხრივ, კით რიჩარდსთან თანამშრომლობით უკვე ათეულობით წელია, საკულტო ჯგუფის The Rolling Stones შემადგენლობაში ქმნის სიმღერებს.

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

ჟურნალისტმა, ჯენ ვენერმა ჯაგერს ჰკითხა, როგორ ახერხებდა კითთან გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნებას იმ ფონზე, როცა ჯონმა და პოლმა ეს ვერ შეძლეს, რაზეც არტისტმა უპასუხა:

"ჩემთვის მუსიკალური პარტნიორის ყოლა აუცილებელი იყო, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ეს ხელს მიშლიდა. ძნელია ამ თემაზე საჯარო საუბარი, რადგან პოლსა და ჯონს სათანადოდ არ ვიცნობდი. მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია, ვთქვა, რომ ორივე ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი იყო. ჩანდა, რომ ლიდერობაზე კოლექტივში დიდი კონკურენცია ჰქონდათ. შეიძლება, რაღაც დროს შენ ვერ იყო ყურადღების ცენტრში და სხვა იყოს, ამის გამო არ შეიძლება, უკმაყოფილო იყო. ჯონსა და პოლს ორივეს უნდოდა პირველობა. თუ ჯგუფში ათი რამ ხდებოდა, ორივეს უნდოდა, რომ ცხრა რამის უკან თავად მდგარიყო. ასეთ ვითარებაში ურთიერთობა ვერ შედგება, ხომ ასეა?".

აღსანიშნავია, რომ ჯონმა და პოლმა "როლინგ სთოუნზისთვის" კომპოზიცია I Wanna Be Your Man დაწერეს, რომელიც 1963 წელს გავრცელდა და ბრიტანეთში ჰიტად იქცა.

მალევე სიმღერის საკუთარი ვერსია "ბითლზმაც" შეიტანა საკუთარ ალბომში With the Beatles.

კომენტარები

ბოლოს დამატებული