Thumbnail

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული მუსიკოსები, მაიკლ ჯექსონი და უიტნი ჰიუსტონი პოპ სცენაზე ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ამიტომაც მათი თაყვანისმცემლები იმედს არ კარგავდნენ, რომ არტისტები ერთობლივ ნამუშევარს ჩაწერდნენ. ამის სურვილი თავად მაიკლსა და უიტნისაც ჰქონდათ. მათ ერთმანეთის სიმღერებზე I Just Can’t Stop Loving You და If I Told You That თანამშრომლობაც განიხილეს, თუმცა, კოლაბორაციის ორივე მცდელობა ჩაიშალა.

ნაომი კემპბელმა გაიხსენა, როგორ სთხოვა მაიკლ ჯექსონმა კლიპში In the Closet მონაწილეობა

მაიკლ ჯექსონი: ბავშვობაში ვტიროდი, როცა სხვები თამაშობდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა

წიგნის The Billboard Book of Number One Hits მიხედვით, თავდაპირველად მაიკლმა I Just Can’t Stop Loving You-ს დუეტში შესრულება ბარბრა სტრეიზანდს შესთავაზა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მას სიმღერა დაუწუნა. ამის შემდეგ ჯექსონმა კომპოზიცია უიტნის მოასმენინა. როგორც გამოცემა Pop Crush წერს, თანამშრომლობის წინააღმდეგ ჰიუსტონის ლეიბლი Arista Records წავიდა, რომელმაც მიიჩნია, რომ, თუ უიტნი ტრეკს ჩაწერდა, თავისი ალბომის Whitney პრომოუშენს საკმარის დროს ვეღარ დაუთმობდა. საბოლოოდ, 1987 წელს გამოშვებულ სტუდიურ ნამუშევარში Bad შესული კომპოზიცია ჯექსონმა მუსიკოს სიედა გარეტთან ერთად ჩაწერა, რომელთანაც იმ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა.

სიმღერის If I Told You That შემთხვევაში კი, დუეტს თავად მაიკლი გამოაკლდა. უიტნის 1998 წლის ალბომში My Love is Your Love სოლო ტრეკის სახით შესული კომპოზიციის განახლებული ვერსია ორი წლის შემდეგ მომღერლის ჰიტების კრებულში Whitney: The Greatest Hits მოხვდა. როგორც წიგნში Michael Jackson: All the Songs არის აღნიშნული, ნამუშევრის ერთ-ერთ ავტორს, პროდიუსერ როდნი ჯენკინსს სურდა, ჩანაწერში მონაწილეობა მაიკლ ჯექსონს მიეღო, რამაც მუსიკოსი დააინტერესა, თუმცა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა, მაიკლმა აზრი შეიცვალა. საბოლოოდ კომპოზიციას ჯორჯ მაიკლის ხმა დაედო და ჰიტადაც იქცა.

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის "ცხელ ასეულს" ზედიზედ ლიდერობდა. მომღერლის საკულტო სიმღერა I Will Always Love You, რომელიც პირველად მიკ ჯეკსონის ფილმში "პირადი მცველი" გაჟღერდა, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად რჩება. 2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

ხოლო მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული