Thumbnail

საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზება 1851 წლიდან, თბილისის ოპერის თეატრის გახსნით დაიწყო, 1863 წელს კი პირველი ნაწარმოებიც გამოიცა - ვირტუოზი პიანისტის, ალოიზ მიზანდარის რომანსი "ჩვენ დავშორდით". ამ დროიდან მოყოლებული ადგილობრივმა კომპოზიტორებმა არაერთი დასამახსოვრებელი ნამუშევარი შექმნეს, რომელთა შორის ოპერებსაც აღმოაჩენთ, სიმფონიურ კონცერტებსაც და ამა თუ იმ საკრავისთვის დაწერილ კომპოზიციებსაც.

ნახე სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ ათ გამორჩეულ ნაწარმოებს წარმოგიდგენთ, რომელთა ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

10. სულხან ცინცაძე - მე-2 სიმებიანი კვარტეტი

სულხან ცინცაძე 1925 წელს გორში დაიბადა. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სიმებიან სექციაზეა გათვლილი, თავისი საუკეთესო ნაწარმოებებიც კომპოზიტორმა სწორედ ამ სახის ინსტრუმენტებისთვის შექმნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ცინცაძე თავადაც ბრწყინვალე ჩელისტი იყო. საოპერო, საბალეტო და სიმფონიურ ნამუშევრებთან ერთად ქართველ ხელოვანს არაერთი მხატვრული ფილმის ("ღიმილის ბიჭები", "ჯარისკაცის მამა", "აბეზარა", "ბაში აჩუკი", "ჭრიჭინა", "თოჯინები იცინიან") მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის.

ცინცაძის სტილს ქართული ფოლკლორული მოტივების გამოყენება გამოარჩევს, რაც მის მინიატურების ციკლსა და 12 სიმებიან კვარტეტში ძალზე შთამბეჭდავად აისახა. ჩვენს სიაში შესატანად კი ავტორის მიერ სულ რაღაც 24 წლის ასაკში შექმნილი მე-2 კვარტეტი შევარჩიეთ. თავის დროზე პირველი დიდი აღიარება კომპოზიტორს სწორედ ამ, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა ნამუშევარმა მოუტანა.

9. სულხან ნასიძე - მე-5 სიმფონია

სულხან ნასიძე ჩვენი სიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და დაუფასებელი წარმომადგენელია. 1927 წელს თბილისში დაბადებული კომპოზიტორის შემოქმედება, რომელსაც იმ პერიოდის საქართველოსთვის უჩვეულო მოდერნიზმისა და ავანგარდის ელემენტების სიუხვე გამოარჩევდა, 8 სიმფონიას, რამდენიმე ბალეტსა და მხატვრული ფილმებისთვის შექმნილ მუსიკალურ გაფორმებას მოიცავს.

ნასიძის მე-5 სიმფონია, რომელიც ლეგენდარულ ქართველ ფერმწერს, ნიკო ფიროსმანს ეღვნება, საბჭოეთში დამკვიდრებული მუსიკალური კონიუნქტურიდან სრულიად ამოვარდნილი იყო და ხაზგასმით ავანგარდული ხასიათით გამოირჩეოდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას მისი შესავალი იქცევს, სადაც ატმოსფერული, თითქმის ფსიქოდელიური ტექსტურებისა და ორიგინალური, იმ პერიოდისთვის უჩვეულო ინსტრუმენტიზაციის ხარჯზე უაღრესად არაორდინარული ჟღერადობა იქმნება. ერთი სიტყვით, ძალზე დამაინტრიგებელი ნაწარმოებია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველ კომპოზიტორებს საკუთარი ტალანტის დემონსტრირება ექსპერიმენტული მუსიკის სივრცეშიც არანაკლებ ეფექტურად გამოსდიოდათ.

8. ვიქტორ დოლიძე - ქეთო და კოტე

ვიქტორ დოლიძე 1890 წელს ოზურგეთში დაიბადა, 22 წლის ასაკში კი კიევში გაემგზავრა, სადაც ვიოლინოზე დაკვრასა და მუსიკის თეორიას ეუფლებოდა. იქ გატარებული დრო უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა დოლიძის კომპოზიტორად ჩამოყალიბების პროცესში, მით უმეტეს, რომ მისი მუსიკალური განათლება მხოლოდ ამით შემოიფარგლა. გარკვეულწილად სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ ვიქტორის ბუნებრივი ნიჭის ერთსულოვნად აღიარებასთან ერთად, კრიტიკოსები ხშირად სისტემური ცოდნის საგრძნობ დეფიციტზეც მიანიშნებდნენ.

სინამდვილეში კი დოლიძის ნაწარმოებებს ტექნიკურ ასპექტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსებები გამოარჩევდა, რაც ყველაზე ნათლად მისი შემოქმედების მაგნუმ ოპუსში, პირველ ქართულ კომიკურ ოპერაში "ქეთო და კოტე" აისახა. მართლაც, მხოლოდ გამორჩეულ ტალანტს თუ შეეძლო საოპერო ხელოვნების, ქართული ფოლკლორისა და აზიური მუსიკით შთაგონებული ქალაქური რიტმების ასეთი ორგანული, კოლორიტული სინთეზის შექმნა.

7. ბიძინა კვერნაძე - სავიოლიონო კონცერტი

ბიძინა კვერნაძე 1928 წელს სიღნაღში დაიბადა. გამორჩეული სმენითა და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულს პედაგოგებშიც ძალზე გაუმართლა - ის თავდაპირველად ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისი მასწავლებელი ანდრია ბალანჩივაძე გახდა. არაერთი საფორტეპიანო პიესის, კანტატისა თუ ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოების ავტორმა განსაკუთრებით დიდი კვალი ქართული კინომუსიკის ისტორიაში დატოვა. კვერნაძემ მუსიკალური გაფორმება ისეთი ფილმებისთვის შექმნა, როგორებიცაა "დათა თუთაშხია", "ნეილონის ნაძვის ხე", "უდიპლომო სასიძო", "თეთრი ბაირაღები" და სხვა.

კომპოზიტორის სახელი საზოგადოებას ძირითადად სწორედ ამ ფილმებისთვის დაწერილი სიმღერებით ახსოვს, რომლებიც პოპულარობას დღემდე არ კარგავენ. ჩვენს სიაში კი მის ნაკლებად ცნობილ, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავ ნამუშევარს, სავიოლიონო კონცერტს წარმოგიდგენთ, რომელიც წამყვანი მელოდიური მოტივის ძალზე ეფექტური და დამაინტრიგებელი განვითარებით გამოირჩევა.

6. ოთარ თაქთაქიშვილი - მინდია

ოთარ თაქთაქიშვილი 1924 წელს თბილისში, ძალზე მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა. ამას თავად ოთარის მხრიდან მუსიკისადმი უზომო ინტერესიც დაემატა - მან კონსერვატორიას თავი მაშინაც კი არ დაანება, როდესაც მე-2 მსოფლიო ომის დროს საავიაციო სასწავლებელში გაამწესეს. საკომპოზიტორო მოღვაწეობა ხელოვანმა 40-იან წლებში სიმფონიური ნაწარმოებების შექმნით დაიწყო, 22 წლის ასაკში კი მისმა ნამუშევარმა საბჭოთა საქართველოს ჰიმნის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.

მომდევნო დეკადიდან თაქთაქიშვილის სტილმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და წმინდად ინსტრუმენტულ ფორმებს გასცდა. ეს ქართული პოეზიის მოტივებზე შექმნილ ვოკალურ ციკლებში აისახა, რამაც, თავის მხრივ, კომპოზიტორის მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, 1961 წელს დაწერილ ოპერას "მინდია" შეუმზადა საფუძველი. ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით შექმნილმა ნაწარმოებმა, რომელიც ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევადაა აღიარებული, პრემიერისთანავე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა და ათზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე დაიდგა.

5. ნოდარ გაბუნია - იგავი

მე-20 საუკუნის დასავლური ავანგარდის გავლენა ქართველი კომპოზიტორებიდან გამორჩეულად სწორედ ნოდარ გაბუნიას ექსპერიმენტებით სავსე შემოქმედებას ეტყობა. 1933 წელს დაბადებულმა მუსიკოსმა კონსერვატორია მოსკოვში დაამთავრა, სადაც მისი ერთ-ერთი პედაგოგი არამ ხაჩატურიანი იყო. აღსანიშნავია, რომ იქ სწავლის პერიოდში გაბუნიამ თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ხელოვანის წოდება თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩისგან დაიმსახურა.

გაბუნია სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ პიანისტად. მისი საშემსრულებლო რეპერტუარი ძირითადად იგორ სტრავინკის, სერგეი პროკოფიევისა და ბელა ბარტოკის კომპოზიციებს მოიცავდა. თავად მისი შემოქმედებიდან კი განსაკუთრებულ ყურადღებას სულხან-საბა ორბელიანის "სოფლის მაშენებლებზე" დაფუძნებული "იგავი" იპყრობს. მთხრობელისთვის, 3 ვოკალისტისა და 7 ინსტრუმენტისთვის შექმნილი ეს ნაწარმოები ქართული მრავალხმიანობისა და დასავლური ავანგარდის ელემენტების უნიკალური სინთეზია, რომელსაც 1973 წელს იუნესკოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო მიენიჭა.

4. რევაზ ლაღიძე - Rondo Toccata

ცნობილი კომპოზიტორი ახალგაზრდობაში პროფესიონალი მუსიკოსობის პერსპექტივას უხალისოდ ეკიდებოდა. იმ პერიოდის საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცისთვის ეს სათაკილო საქმედ ითვლებოდა, რის გამოც ლაღიძე თანატოლებისგან ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა და სასწავლებლისკენ მიმავალ გზაზე საკუთარ ვიოლინოს საგულდაგულოდ დამალვაც უწევდა. მან სამჯერ გადაწყვიტა, მუსიკისათვის თავი დაენებებინა, თუმცა ოჯახმა თავისი გაიტანა და საბოლოოდ რევაზი კონსერვატორიაში მოხვდა, სადაც მისი პედაგოგი ანდრია ბალანჩივაძე გახდა.

ლაღიძის სახელი ისტორიას ძირითადად ყველასთვის კარგად ცნობილი სიმღერებით შემორჩა - "თბილისო", "გულს რად მიკლავ", "ჩემო კარგო ქვეყანავ" და სხვა. ამ ნამუშევრების სტატუსისა და პოპულარობის შესახებ უჩვენოდაც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს სიაში კი კომპოზიტორის ხელწერის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშს, Rondo Toccata-ს წარმოგიდგენთ. დინამიკურ და რიტმულ ნაწარმოებს, რომელიც ქართული საფორტეპიანო მუსიკის მწვერვალია.

3. ანდრია ბალანჩივაძე - 1-ლი სიმფონია

ანდრია ბალანჩივაძე 1906 წელს საზოგადო მოღვაწისა და ქართული ოპერის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში დაიბადა. მამის გავლენით, მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, სანკტ პეტერბურგის კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე კი კომისიას საკუთარი, ოთხი ხელისთვის დაწერილი საკონცერტო მარში წარუდგინა, რომლის შესრულებისას მას პარტნიორობა კლასიკური მუსიკის მომავალმა ტიტანმა, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა გაუწია.

ბალანჩივაძე ჩვენს ქვეყანაში დადგმული პირველი ბალეტის, გიორგი ლეონიძის ლიბრეტოთი და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით შექმნილი "მზეჭაბუკის" ავტორია, რომელმაც საბოლოო რედაქციაში "მთების გულის" სახელწოდება მიიღო. თუმცა, მშობლიური კულტურის წინაშე ხელოვანის მთავარ დამსახურებას უდავოდ ქართული სიმფონიური მუსიკის პიონერობა წარმოადგენს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან ჩვენს სიაში შესატანად სწორედ პირველი სიმფონია შევარჩიეთ - ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ქართველ კომპოზიტორებს ოდესმე შეუქმნიათ.

2. გია ყანჩელი - სტიქსი

გია ყანჩელი ერთ-ერთი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში ფოლკლორულ მოტივებს, ფაქტობრივად, არ იყენებდა და ავანგარდული ელემენტების შემოტანას ცდილობდა. 1935 წელს ბორჯომში დაბადებული ხელოვანი თავდაპირველად კლასიკურმა ჯაზმა გაიტაცა, თუმცა ნელ-ნელა მისი ინტერესი სიმფონიური და კამერული მუსიკისკენ გადაიხარა. 1995 წელს კომპოზიტორი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, თუმცა მშობლიურ კულტურასთან მჭიდრო კავშირი არასდროს დაუკარგავს.

გია ყანჩელის ნამუშევრები ფორმის, ქრონომეტრაჟისა თუ კომპლექსურობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, თუმცა თითოეულს ტრაგიზმამდე მისული მინორულობა ახასიათებს, რომლის მუსიკალურად არტიკულირებასაც კომპოზიტორი განუმეორებლად ახერხებდა. ამ ხელწერის გამორჩეული ნიმუში მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი, "სტიქსი" გახლავთ, რომელიც ფორმით ერთგვარი ექსპერიმენტული რეკვიემია. ალტის, ორკესტრისა და შერეული გუნდისათვის შექმნილი ეს ნაწარმოები ავტორმა გარდაცვლილ მეგობრებსა და კოლეგებს - ალფრედ შნიტკეს, სულხან ცინცაძესა და ავეტ ტერტერიანს მიუძღვნა.

1. ზაქარია ფალიაშვილი - დაისი

ხშირად ლეგენდარული კომპოზიტორები ამა თუ იმ ერის ნაციონალური იდენტობის სიმბოლოები ხდებიან, მათი შემოქმედება კი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ფინეთში მსგავსი დაფასებით იენ სიბელიუსი სარგებლობს, ჩეხეთში კი ბედრჟიხ სმეტანა. საქართველოში თუ ვინმე მსგავს სტატუსს იმსახურებს, ეს პირველ რიგში ზაქარია ფალიაშვილია. 1871 წელს ქუთაისში დაბადებული ხელოვანი, რომელმაც ეროვნულ საკომპოზიტორო სკოლას დაუდო საფუძველი.

ფალიაშვილის შემოქმედების მწვერვალად სამი საოპერო ნამუშევარი - "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა" და "დაისი" ითვლება. ამ ეპოქალური ნაწარმოებებიდან ჩვენს სიაში შესატანად კი არჩევანი 1921-23 წლებში შექმნილ "დაისზე" შევაჩერეთ. მისი ლიბრეტო მსახიობსა და დრამატურგს, ვალერიან გუნიას ეკუთვნის, რომელმაც ტექსტში ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა რუსთაველისა და აკაკი წერეთელის პოეზია გამოიყენა, მთავარ პერსონაჟს კი სახელი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ეწოდა. ეს ნაწარმოები ქართული ისტორიისა და კულტურული იდენტობის ამსახველი მონუმენტია, რომლის მუსიკალურ ღირებულებაზე საუბარი, ალბათ, უადგილოცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული