Thumbnail

სიმღერა, რომელიც რობერტ პლანტმა Led Zeppelin-ის სავიზიტო ბარათად დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Led Zeppelin-ის თაყვანისმცემლები შესაძლოა, ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელი კომპოზიცია წარმოაჩენს კოლექტივს ყველაზე უკეთ. თუმცა, ბენდის ფრონტმენის, რობერტ პლანტის აზრით, ჯგუფის სავიზიტო ბარათის ტიტულს 1975 წელს გამოშვებულ ალბომში Physical Graffiti შესული ჰიტი Kashmir იმსახურებს.

უკანასკნელი კონცერტი, რომელიც Led Zeppelin-მა ჯონ ბონემთან ერთად გამართა

ნახეთ: Led Zeppelin-ის სატელევიზიო დებიუტის ჩანაწერი

1988 წელს პლანტი თავის სოლო ალბომთან Now and Zen დაკავშირებით გამოცემა Rolling Stone-ს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც საუბარი "ლედ ზეპელინის" შემოქმედებასაც შეეხო. ჟურნალისტმა დევიდ ფრიკმა კოლექტივის განმსაზღვრელ ტრეკად მეოთხე ალბომში შესული Stairway to Heaven დაასახელა, რასაც მუსიკოსი არ დაეთანხმა.

"არა, მე ასე არ ვთვლი. ეგ ლამაზი, სასიამოვნო და ძალიან ბრიტანული სიმღერაა. კომპოზიცია, რომელიც "ლედ ზეპელინს" რეალურად წარმოაჩენს, Kashmir-ია. მე და პეიჯმა ის მოგზაურობისა და თავგადასავლების ძიების პროცესში დავწერეთ. ეს საოცარი პერიოდი იყო, როცა თვალის გახელისას აფრიკაში ბერბერების ცხოვრებას ვადევნებდით თვალს. ამ ჩანაწერშია გადმოცემული, როგორ აღვიქვამდი ამ ყველაფერს. მას ჩემთვის ნამდვილად მოაქვს ზეპელინის სულისკვეთება", - ამბობდა პლანტი სიმღერის შესახებ, რომელიც მუსიკოსებმა საჰარის უდაბნოს მონახულების შემდეგ დაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ბასისტს, ჯონ პოლ ჯონსს ასევე ნათქვამი აქვს, რომ ეს კომპოზიცია "ლედ ზეპელინის" ჟღერადობის ყველა ელემენტის დემონსტრირებას ახდენს".

Kashmir-ის შექმნაში ჯიმი პეიჯთან და რობერტ პლანტთან ერთად, კოლექტივის კიდევ ერთმა წევრმა, ჯონ ბონემმა მიიღო მონაწილეობა.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული