Thumbnail

Slash იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა Axl Rose-ის ვოკალი პირველად მოისმინა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალში Kerrang! ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტის, სლეშის ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელშიც მუსიკოსი კოლექტივის მოღვაწეობის ადრეულ წლებზე საუბრობს, რა დროსაც ბენდის შემადგენლობაში მასთან ერთად აქსლ როუზი, დაფ მაკკაგენი, იზი სტრედლინი და სტივენ ადლერი ერთიანდებოდნენ. სლეშმა ის დღეც გაიხსენა, როდესაც აქსლის შესრულებას პირველად მოუსმინა.

სლეში: კარანტინის პერიოდში ახალ სიმღერებზე ვიმუშავეთ

Slash-მა ყველა დროის ფავორიტი მუსიკალური ალბომები დაასახელა

"მისი ხმა პირველად კასეტაზე მოვისმინე, რომელიც იზიმ სახლში მომიტანა. თავიდან მხოლოდ ხმაური ისმოდა, რომელიც მალევე მისმა ძლიერმა ვოკალმა გადაფარა. ძალიან ემოციური შეგრძნება დამეუფლა. აქსლს ბლიუზისთვის დამახასიათებელი, მელოდიური შესრულების მანერა ჰქონდა, რაც მისი ტემბრისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მის კონცერტზე წავედი, თუმცა, არ ვიცოდი, სცენაზე იმავე ადამიანს თუ ვნახავდი, რომელსაც კასეტაზე მოვუსმინე. აქსლი და იზი შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. ერთი მუხლებზე სრიალებდა, მეორე ყველაფერს ანგრევდა. ძალიან მაგარი სანახაობა იყო", - აღნიშნავს სლეში.

მუსიკოსმა, რომელმაც Guns N' Roses-ში გაწევრიანების შეთავაზება მოგვიანებით მიიღო, კოლექტივის შემადგენლობაში პირველი რეპეტიციაც გაიხსენა.

"პირველად ჰოლივუდში, სარეპეტიციო დარბაზში შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, რამდენიმე შოუ გავმართეთ, რომლებიც ყოველ ჯერზე არაპროგნოზირებადი და ველური სანახავი იყო. სცენაზე გასვლის წინ ვამბობდით - ვნახოთ, რა მოხდება. სიურრეალური იყო, როცა 2016 წელს ტურნესთვის Not in This Lifetime... Tour მე, აქსლი და დაფი კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ შორის ისევ არსებობდა ქიმია, რომელზეც არ მიფიქრია, რადგან უკვე 20 წელი იყო გასული. საოცრად ემოციური იყო ის მომენტი, როცა დაკვრა დავიწყეთ", - ამბობს მუსიკოსი.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული