Thumbnail

ელტონ ჯონი: 30 წლის წინ შველა რომ არ მეთხოვა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა სიფხიზლის 30 წელი აღნიშნა. ინსტაგრამზე მან მისალოცი ბარათების, სპეციალურად მომზადებული ნამცხვრისა და ანონიმური ალკოჰოლიკების მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღბული მონეტის ფოტო გამოაქვეყნა.

ცნობილი გახდა, რას ედავება ყოფილი ცოლი ელტონ ჯონს

ნახეთ: ელტონ ჯონი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

"ბევრს ვფიქრობ ამ ჯადოსნურ დღეზე, სიფხიზლის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავ. იმდენი ლამაზი ბარათი, ყვავილი და სასუსნავი მივიღე ჩემი ქმრისგან, დევიდისგან, ვაჟებისა და სხვა ახლობლებისგან. ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ. 30 წლის წინ დახმარების სათხოვნელად რომ არ გადამედგა ნაბიჯი, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ყველას, ვინც ამ გრძელ გზაზე ჩემ გვერდით იდექით და მხარს მიჭერდით, მთელი გულით გიხდით მადლობას", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

ელტონი არასდროს არიდებდა თავს ნარკოდამოკიდებულებაზე საუბარს.

"ვგრძნობდი, შინაგანად ვინგრეოდი. ჩემში სიბნელე იყო დასადგურებული. ასე მანამ გაგრძელდა, სანამ არ ვთქვი, რომ დახმარება მჭირდებოდა. მოულოდნელად ჩემი სულის რაღაც ნაწილმა ამომძახა, მე ისევ აქ ვარ, ჯერ კიდევ ვცოცხლობო", - ამბობდა 2019 წელს მუსიკოსი CBS News-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის ნარკოდამოკიდებულებაზეა მოთხრობილი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც Rocketman.

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი შარშან საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული