Thumbnail

ნიკი მინაჟს ტეკაში სიქსნაინთან ტრეკის ჩაწერის გამო კვლავ აკრიტიკებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კრიმინალური წარსულის მქონე გენგსთა რეპერმა, ლუიზიანელმა Boosie Badazz-მა DJ Vlad-თან ინტერვიუში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი პოპულარულ მუსიკოს ტეკაში სიქსნაინთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა. ამ უკანასკნელის მიმართ კოლეგების ნაწილი ნეგატიურად მას შემდეგ განეწყო, რაც სიქსნაინმა, ციხიდან თავის დახსნის იმედით, გამოძიებასთან ითანამშრომლა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Blood წევრები დაასმინა.

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

"ეს საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ ნიკი მინაჟს ღირსება არ გააჩნია. გვაჩვენებს, რომ ყველაფერზე შეიძლება წასვლა ფულისა და წარმატების გამო. არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. ის ისედაც ძალიან მდიდარია. აფროამერიკელებს თავზე გადაგვიარა და ძალიან კარგად იცის, რაზეც ვსაუბრობ. ეს გოგო ნამდვილად უგულოა, რადგანაც არ ანაღვლებს, ტეკაშიმ რომ ხალხი გაწირა", - ამბობს Boosie Badazz.

შეგახსენებთ, რომ მინაჟი ტეკაშისთან თანამშრომლობის გამო პოპულარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, YG-მაც გააკრიტიკა.

"როდესაც მინაჟისა და ტეკაშის თანამშრომლობის შესახებ გავიგე, გული მეტკინა. მე ნამდვილი ქუჩის ბიჭი და კარგი ტიპი ვარ. მინაჟთან აღარასოდეს ჩავწერ ტრეკს. დიდი შეცდომა დაუშვა", - ამბობს რეპერი.

ტეკაშიმ და ნიკიმ კომპოზიცია TROLLZ 12 ივნისს გამოუშვეს. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 46 მილიონი ნახვა დააგროვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეპერმა ამ მაჩვენებელს ფასიანი რეკლამების საშუალებით მიაღწია. იუთუბი კი ნახვებს ბმულზე გადასვლის, ძებნის ველის გამოყენებისა და სხვადასხვა ვებგვერდზე გალინკვების შემთხვევაში ითვლის. შესაბამისად მუსიკალური პლატფორმის ადმინისტრაციამ სიქსნაინს რეკორდი არ ჩაუთვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული