Thumbnail

სიმღერა, რომლის გამოშვებაც კიმ კარდაშიანმა ინანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის, ქანიე ვესთის ცოლმა, ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მუსიკის ინდუსტრიაში ძალები 2011 წელს მოსინჯა, როდესაც სადებიუტო სინგლი Jam (Turn It Up) და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. იმის მიუხედავად, რომ დენს პოპ კომპოზიციაზე კიმმა ცნობილ პროდიუსერ The-Dream-თან ითანამშრომლა, შედეგი არც თუ ისე სახარბიელო მიიღო. ამის შემდეგ მას მომღერლის კარიერის აწყობა აღარ უცდია, რისი მიზეზიც რთული გამოსაცნობი არ არის, თუ შეფასებებს გადავხედავთ:

"კიმ კარდაშიანი ტრეკმა Jam (Turn It Up) რეალითი შოუების ისტორიაში ყველაზე ცუდ მომღერლად აქცია", - წერდა გამოცემა New York Daily News.

"ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ ხმას ბავშვი გამოსცემს, რომელიც ან ძალიან მოწყენილია, ანაც წამლებითაა გაბრუებული", - შეაფასა კიმი გამოცემამ Vulture.

2014 წელს წამყვან ენდი კოენის შოუში Watch What Happens Live სტუმრობისას თავად კიმმაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა თავისი მუსიკალური მონაცემები და გაამხილა, რომ სიმღერის გამოშვება ინანა.

"ეს სახალისო გამოცდილება იყო, რომელიც მოგონებად დამრჩა. სიმღერის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სიმსივნით დაავადებულთა ფონდში გადავრიცხეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთი რამის შეცვლა რომ შემძლებოდა... არ მომწონს, როცა ადამიანები ისეთ რამეს ეჭიდებიან, რაც მათი საქმე არაა. მე ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში ეს სიმღერის გამოშვება იყო. მაინც რამ მაფიქრებინა, რომ შემეძლო, მომღერალი გავმხდარიყავი? მე ხომ კარგი ხმა არ მაქვს", - აღნიშნა კიმმა.

წლების შემდეგ კარდაშიანს ამავე შოუში ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა აზრი საკუთარ ნამუშევართან დაკავშირებით.

"დღემდე არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე. მაგრამ როცა ამ თემაზე სიმღერის ავტორს, The-Dream-ს ვესაუბრე, მკითხა, ჩაწერისას გაერთეო? ვუპასუხე კი-მეთქი, რაზეც მომიგო, რომ ჩემი თავის გაკრიტიკება უნდა შემეწყვიტა", - თქვა კიმმა.

საუბარში მისი და, ქლოი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა:

"არც მგონია, რომ კიმი ამ სიმღერით ცდილობდა, მერაია ქერი გამხდარიყო".

კიმი ხმის ჩამწერ სტუდიას 2015 წელს დაუბრუნდა, როდესაც დებთან ერთად დედისთვის, კრის ჯენერისთვის დაბადების დღის მისალოცი სიმღერა ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული