Thumbnail

ქართველ მუსიკოსებს თანამემამულე პოეტების ლექსებზე სიმღერების შექმნა ყოველთვის იტაცებდათ. ამ ტენდენციის შედეგად სხვადასხვა დროს არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია დაიწერა, რომელთა შორის ათ გამორჩეულ ნამუშევარს ჩვენს სიაში წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. ნატვრის ხე - ჭადრაკის დაფა

მორის ფოცხიშვილის ლექსზე "ლაზიერის გამბიტი" შექმნილი ამ კომპოზიციის გამო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს "ნატვრის ხე" საბჭოთა ცენზურამ საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. როგორც ჩანს, სიმღერა მეოცნებე პაიკის შესახებ, რომელიც მეფისთვის იბრძვის, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ უკანასკნელთან ერთად ერთ მცირე ყუთში თავსდება, კომუნისტი იდეოლოგებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

9. ჰამლეტ გონაშვილი - დაიგვიანეს

ჰამლეტ გონაშვილის ფენომენალური საშემსრულებლო ტექნიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავად სწორედ ამ კომპოზიციაში აისახა, რომლის ტექსტიც აკაკი წერეთლის ისტორიული დრამის, "პატარა კახის" პირველი სტრიქონებითაა შექმნილი. სიმღერის მელოდიიის ავტორი 1871 წელს დაბადებული კომპოზიტორი და ლოტბარი, ნიკო სულხანიშვილი გახლავთ.

8. გიული ჩოხელი - პაემანზე

გიული ჩოხელი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად ითვლებოდა. ცოცხალ ლეგენდად ქცეული მომღერლის შემოქმედებაში გამორჩეულად პოპულარული კომპოზიციის "პაემანზე" მელოდია გამოჩენილი ბრაზილიელი მუსიკოსის, ანტონიუ კარლოს ჟობიმის 1963 წლის ჩანაწერიდან Agua de Beber გახლავთ ნასესხები, ტექსტი კი იოსებ ნონეშვილის ლექსიდან.

7. გიგა მიქაბერიძე და კატო - პირამიდები

1916 წელს ჟურნალში "ცისფერი ყანწები" ელენე დარიანის ეროტიკული ქვეტექსტებით სავსე ლექსების ციკლი დაიბეჭდა. ერთი ვერსიით, ამ ფსევდონიმის მიღმა პაოლო იაშვილი იმალებოდა, მეორის თანახმად კი ელენე ბაქრაძე, რომელთანაც პაოლოს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ლექსებიდან განსაკუთრებით პოპულარული "პირამიდებში" გახლავთ, რომლის ტექსტზე დაყრდნობითაც ჯგუფ Overbalance-ის ყოფილმა ლიდერმა, გიგა მიქაბერიძემ 2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ჰიტი შექმნა.

6. Killages - ტიციან ტაბიძე

2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Killages ეს ნამუშევარი ჩვენს სიაში შესული ჩანაწერებიდან გამორჩეულად საინტერესო და ორიგინალურია. კომპოზიციის ტექსტი ტიციან ტაბიძის ლექსს "ანანურთან" ეფუძნება, რომელიც ავტორმა არაერთი ქართველი პოეტის მუზას, თამუნია წერეთელს მიუძღვნა.

5. ვია 75 - რამ შემქმნა ადამიანად

ვაჟა-ფშაველას პოეზიისა და ჯაზ როკის ჟღერადობის შერწყმის იდეა რამდენადაც უცნაური, იმდენადვე ეფექტური აღმოჩნდა. ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "75"-ის მიერ 1979 წელს ჩაწერილი კომპოზიციის "რამ შემქმნა ადამიანად" ტექსტი სწორედ გამოჩენილი ქართველი მწერლის ამავე სახელწოდების ლექსიდანაა ნასესხები.

4. აისი - ვარდსა ჰკითხეს

1974 წელს ჩამოყალიბებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს "აისი" ქართული მრავალხმიანობის ფანკისა და ფსიქოდელიის ელემენტებით გამდიდრება ძალზე შთამბეჭდავად გამოსდიოდა. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" აღებულ სტრიქონებზე შექმნილი კომპოზიცია "ვარდსა ჰკითხეს" გამოდგება.

3. დები იშხნელები - მორბის არაგვი

ნინო, თამარ, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების მიერ 1941 წელს ქალაქ ქუთაისში ჩამოყალიბებული კვარტეტი, სავარაუდოდ, ქალთა პირველი ინდი ფოლკ ანსამბლია თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. მათი კომპოზიცია "მორბის არაგვი" კი გამოჩენილი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ამავე სახელწოდების ლექსზეა შექმნილი.

2. მანანა მენაბდე - სტვენს ბულბული

დები იშხნელების ოჯახში 1948 წელს დაბადებულმა მუსიკოსმა, მანანა მენაბდემ წინაპრებისგან ქართული რომანსების შესრულების ტრადიცია ღირსეულად გადაიბარა. მისი კომპოზიცია "სტვენს ბულბული" კი მე-18 საუკუნეში მოღვაწე პოეტის, ბესარიონ გაბაშვილის, იგივე ბესიკის ამავე სახელწოდების მქონე ლექსს ეფუძნება.

1. 33ა - გალაკტიონი

ნიაზ დიასამიძის მიერ წელს 1994 ჩამოყალიბებული ჯგუფი "33ა" ამ კომპოზიციის ტექსტში მხოლოდ გამოჩენილი ქართველი პოეტის სტრიქონების გამოყენებას არ დასჯერდა და გაცილებით მახვილგონივრულ ხერხს მიმართა. შედეგად კი, სიმღერაში თავად გალაკტიონ ტაბიძის მიერ საქართველოს რადიოს ეთერში წაკითხული ლექსის "მთაწმინდის მთვარე" აუდიოჩანაწერის მოსმენაა შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული