Thumbnail

ლორინ ჰილის შვილი: ტრავმად დამრჩა, როგორ მცემდა დედაჩემი ბავშვობაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი ამერიკელი მუსიკოსი, ლორინ ჰილი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 20 წლის შვილის, სელა მარლის ბრალდებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვობაში დედა მისი დასჯის მეთოდად ცემას იყენებდა. 45 წლის არტისტის თქმით, გოგონას ისევე აჩვევდა დისციპლინას, როგორც ამას სხვა შავკანიანები აკეთებენ.

მოუსმინეთ: Lauryn Hill - Guarding The Gates

"სელას თვითგამოხატვის სრული უფლება აქვს, ამაში მხარს ვუჭერ. მაგრამ ის ისეთივე დისციპლინით აღიზარდა, როგორც სხვა შავკანიანი ბავშვები, რადგან ჩვენ განსხვავებული სტანდარტები გვაქვს. ის ამ დისციპლინას ახალგაზრდა ადამიანის თვალით უყურებდა. მისთვის რთული შესაგუებელი იყო, რომ დედაც ვიყავი და საჯარო ფიგურაც. დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ შვილებს და, ალბათ, ყველა ნაცნობს, ჩემს ამ ორ მხარესთან უწევდა შეჯახება. ჩემი გადმოსახედიდან, მე, უბრალოდ, მე ვარ. თუკი რამეში ვარ დამნაშავე, ისაა, რომ ეს იყო დისციპლინა ბრაზით, თორემ თავისთავად დისციპლინაში ცუდი არაფერია. მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი შვილების დაცვას ვცდილობდი ყველანაირი საფრთხისგან", - წერს მუსიკოსი.

სელამ რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამის ლაივ ჩართვაში ბავშვობის ტრავმებზე საუბრისას აღნიშნა:

"სიგიჟეა. თავიდან ვერ ვიგდებ. როცა ის მეტყოდა - წადი და ქამარი მომიტანეო, მაშინ ვხვდებოდი, რომ კარგი დღე არ მეწერა. იმის ტოლფასი იყო, რომ შეგნებულად მიდიოდი სიკვდილზე. ორივე ხელს გვიჭერდა და გვცემდა. ყველა შავკანიან მშობელს ეს მონათმპყრობელური მომენტი აქვს. თავად ვერც კი იაზრებენ. დედაჩემი შესანიშნავი ქალია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყველაფერს სწორად არ აკეთებს".

View this post on Instagram

Thoughts?

A post shared by OnSite! (@its_onsite) on

ლორინ ჰილს სელა იამაიკელი მომღერლის, ბობ მარლისგან შვილისგან, როჰან მარლისგან ჰყავს, რომელიც ყოფილი სპორტსმენია. წყვილს 1996–2009 წლებში ჰქონდა ურთიერთობა და ამ დროის განმავლობაში ხუთი შვილი ეყოლათ.

ლორინი, სელა და როჰანი

8 გრემის მფლობელმა ლორინმა მუსიკალური კარიერა 1988 წელს დაიწყო. ის ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მუსიკოსის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბის, ნეო სოულისა და რეგეის სინთეზია. შემსრულებლის სოლო დისკოგრაფია ერთადერთ ალბომს The Miseducation Of Lauryn Hill მოიცავს, რომელიც მან 1998 წელს გაავრცელა. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ მიღწევით ჩანაწერი პირველი ჰიპ ჰოპ ალბომი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის სტატუსი დაიმსახურა.

სოლო კარიერის პარალელურად, ლორინი ეპოქალური გაერთიანების Fugees ლიდერი გახლდათ. კოლექტივმა 1994-96 წლებში ალბომები Blunted On Reality და The Score გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ამ უკანასკნელის 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ნამუშევარმა გრემიზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში, მასში შესულმა სინგლმა Killing Me Softly With His Song კი საუკეთესო კომპოზიციის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული