Thumbnail

André 3000: ბავშვობაში კინაღამ ავტოავარიამ შემიწირა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ანდრე ბენჟამინი, ფსევდონიმით André 3000, ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომელთა შესახებაც ჟურნალისტ მაიქ აიერსის წიგნში One Last Song დაიწერა. ნამუშევარში ავტორის მიერ შერჩეული უნიკალური შემსრულებლები პასუხობენ კითხვას, რომელი კომპოზიციის მოსმენას ისურვებდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. ანდრემ ასეთ სიმღერად Prince-ის Sometimes It Snows in April დაასახელა და იქვე გაიხსენა, რომ ბავშვობაში კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

André 3000: სოლო ალბომის გამოსაშვებად მზად არ ვარ

"ბავშვობაში მე და ჩემი მეგობარი ავარიაში მოვყევით. მანქანას ამხანაგის დედა მართავდა. ძალიან პატარები ვიყავით და არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ საავადმყოფოში გამოვფხიზლდი. საბედნიეროდ, ატლანტაში ვიყავით, ნაკლებად გადატვირთულ ქუჩაზე. ბედად ვიღაც ფულიანმა კაცმა გამოიარა, ერთ-ერთი პირველი, ჩემოდანის ზომის მობილური ჰქონდა. სასწრაფოში სწორედ მან დარეკა. რომ არ გამოჩენილიყო ტელეფონის მქონე ადამიანი, სავარაუდოდ, მოვკვდებოდით. ზუსტად ვერ ვიტყვი, სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი თუ არა, მაგრამ იღბლიანი ნამდვილად ვარ", - განაცხადა ანდრემ.

ანდრე ბენჟამინმა 1991 წელს მის კოლეგა ბიგ ბოისთან ერთად, ჰიპ ჰოპ დუეტი Outkast ჩამოაყალიბა. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რეპ პროექტად აღიარებული ჯგუფის შემოქმედება 6 სტუდიურ ალბომს აერთიანებს. მათ შორის ყველაზე წარმატებული 2003 წელს გავრცელებული ჩანაწერი Speakerboxxx/The Love Below გახლავთ, რომელმაც "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა და ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული