Thumbnail

სიმღერა, რომლის გამოც ოზი ოსბორნი თვითმკვლელობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი თავისი სადებიუტო ალბომის Blizzard Of Ozz ორმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის Sirius XM რადიოსადგურს Ozzy's Boneyard ესტუმრა. წამყვანმა, ბილი მორისონმა 71 წლის არტისტს ნამუშევარში შესულ კომპოზიციასთან Suicide Solution დაკავშირებით სთხოვა კომენტარი, რადგანაც ამ სიმღერის გამო 1986 წელს ოსბორნის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი.

ოზი ოსბორნი: Black Sabbath-თან ერთად კონცერტს აღარასოდეს ჩავატარებ

ოზი ოსბორნმა განმარტა, რატომ ეწინააღმდეგება სახეზე ტატუს გაკეთებას

მაშინ მუსიკოსს 19 წლის ჯონ მაკკოლუმის მშობლებმა უჩივლეს. მათი მტკიცებით, შვილის თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ოსბორნის ეს კომპოზიცია გახდა, რომლის ტექსტშიც ნათქვამია:

"სად დავიმალო? სუიციდი ერთადერთი გამოსავალია.
ნუთუ არ იცით, ეს რას ნიშნავს
ღვინო შესანიშნავია, მაგრამ ვისკი უფრო სწრაფად მოქმედებს
ლიქიორთან ერთად თვითმკვლელობა ნელია".

Where to hide, suicide is the only way out
Don’t you know what it’s really about
Wine is fine, but whiskey’s quicker
Suicide is slow with liquer.

ახალ ინტერვიუში ოსბორნმა განმარტა, რომ საზოგადოებამ კომპოზიციის შინაარსი არასწორად გაიგო.

"ძალიან ბევრს ვსვამდი. ალკოჰოლზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დამოკიდებული. სიტყვები Suicide Solution პირდაპირი მნიშვნელობით არ გამომიყენებია, სინამდვილეში მასში სასმელი მოიაზრებოდა. ხალხმა კი ეს არასწორად გაიგო.

საჩივრის შესახებ ჩემი ცოლისგან შევიტყვე. ინგლისში ვიყავი, შერონმა დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ ჩავფრენილიყავი მასთან. ვკითხე, რაიმე სერიოზულია-მეთქი? მიპასუხა, უბრალოდ, ჩაჯექი მაგ დაწყევლილ თვითმფრინავშიო. როცა ლოს ანჯელესის აეროპორტში ჩავედი, ტერმინალთან 200 კამერა დამხვდა. 15 მიკროფონი იყო ჩემკენ მომართული და ყველა მეკითხებოდა, რას ვფიქრობდი ამ სასამართლო პროცესზე. მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, საერთოდ რაზე იყო საუბარი. შევძრწუნდი, როცა მომხდარის შესახებ გავიგე", - აღნიშნა არტისტმა.

საბოლოოდ, საქმე ოზი ოსბორნის სასარგებლოდ გადაწყდა. 1988 წელს კალიფორნიის სასამართლომ მაკკოლუმების სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგანაც მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომ მათმა შვილმა თავი Suicide Solution-ის მოსმენის გამო მოიკლა.

1980 წელს გამოშვებული Suicide Solution ოზი ოსბორნმა მუსიკოსებთან, რენდი როადსთან და ბობ დეისლეისთან ერთად დაწერა. 1991 წელს, კომპოზიციაზე საუბრისას ოზიმ აღნიშნა, რომ ის ავსტრალიური როკ ჯგუფის, AC/DC-ის წევრის, ბონ სკოტის შესახებ დაიწერა მას შემდეგ, რაც მომღერალი მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ხოლო დეისლეიმ 2002 წელს განაცხადა, რომ ტექსტის წერისას ოზი ოსბორნზე ფიქრობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული