Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგას ახალი კლიპი სერგო ფარაჯანოვის ფილმის გავლენით გადაიღეს

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ კომპოზიციაზე "911" გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერი მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიურ ნამუშევარში Chromatica შედის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა.

მოუსმინეთ: ლედი გაგა ალბომს Chromatica ავრცელებს

კლიპის ავტორი ტარსემ სინგჰ დანდვარია, რომელიც მუსიკის მოყვარულებმა ამერიკული ალტერნატიული როკ კოლექტივის, R.E.M.-ის სიმღერაზე Losing My Religion გადაღებული ვიდეორგოლით გაიცნეს. მის მიერ ლედი გაგას კომპოზიციაზე შექმნილ ნამუშევარში, ლეგენდარული რეჟისორების, ფედერიკო ფელინისა და ალეხანდრო ხოდოროვსკის ფილმებიდან "რვანახევარი" და "ელ ტოპო" ნასესხებ კადრებთან ერთად, სერგო ფარაჯანოვის 1968 წლის სურათის "ბროწეულის ფერი" ესთეტიკაა გამოყენებული. კლიპის ბოლოსკენ კი კადრში ამ ფილმის პოსტერიც ჩნდება, რომელზეც ცნობილი ქართველი მსახიობი, სოფიკო ჭიაურელია გამოსახული. იქვე ფარაჯანოვის კიდევ ერთი ნამუშევრის, ეკრანებზე 1988 წელს გამოსული "აშიკ-ქერიბის" პლაკატს ვხედავთ.

კადრი ლედი გაგას ახალი კლიპიდან "911" სერგო ფარაჯანოვის ფილმების "ბროწეულის ფერი" და "აშიკ-ქერიბი" პოსტერებით.

ლეგენდარული რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის მიერ თბილისელი აშუღის, საიათ-ნოვას ცხოვრების შესახებ გადაღებული "ბროწეულის ფერი" კინოკრიტიკოსების მიერ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრულ ფილმადაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელი მასში ექვს სხვადასხვა როლს ასრულებს. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კინოსურათი პოპულარული მუსიკოსების შთაგონების წყარო ხდება. 2015 წელს ფილმის ალტერნატიული საუნდტრეკი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ცნობილმა წარმომადგენელმა, ნიკოლას ჯაარმა ჩაწერა.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული