Thumbnail

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ფრედი მერკურიმ 1990 წლის 5 სექტემბერს, 44 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საკუთარ სახლში, კენსინგტონის რეზიდენციაში წვეულება მოაწყო, რომელზეც დაახლოებით 30 ადამიანი დაპატიჟა. ეს იყო ბოლო დაბადების დღე, რომლის გადახდაც არტისტმა შეძლო. საზეიმო ვახშამზე მისი უკანასკნელი პარტნიორი, ჯიმ ჰატონი, ფრედის ყოფილი შეყვარებული და ახლო მეგობარი, მერი ოსტინი და სხვა სტუმრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, როკ მუსიკოსმა დეივ კლარკმა გამოცემასთან Express Online ინტერვიუში გაიხსენა, როგორ გაატარეს საღამო და როგორი იყო ფრედი ახლობლების გარემოცვაში.

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი ფოტოები

"დაბადების დღეზე 30 ახლო მეგობარი დაპატიჟა. სუფრაზე მისი პირადი მზარეულის, ჯო ფანელის მიერ მომზადებული კერძები და საგანგებოდ შერჩეული, სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო. ფრედისთან ვერასდროს მოიწყენდით. ის ძალიან არტისტული, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მორცხვი ადამიანი გახლდათ. სცენაზე 100 000 მაყურებლის წინაშე გამოდიოდა დიდებული პერფორმანსებით, ახლობლების წრეში კი, უბრალოდ, საყვარელი პიროვნება იყო, თუმცა, სხვებისგან გამოირჩეოდა. მაგალითად, სააბაზანოში პიკასოს ნახატი ჰქონდა ჩამოკიდებული. ფრედის ადამიანებზე ზრუნვა უყვარდა. მის ვიდეოებს როცა უყურებ, ექსცენტრიკულ პიროვნებას ხედავ, მაგრამ ცხოვრებაში ბევრად უბრალო იყო. მერკური ისევე მენატრება, როგორც ბევრ მის მეგობარს, რადგან მას სხვების გაღიმება და გაცინება კარგად გამოსდიოდა. ის დიდი ადამიანი იყო", - აღნიშნავდა დეივ ლკარკი.

ფრედიმ, რომელიც თავის დაბადების დღეებს მუდმივად ექსტრავაგანტული ტორტებით აღნიშნავდა, ამჯერად არჩევანი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ მონტრეში მდებარე თავისი სახლის ფორმის ნამცხვარზე შეაჩერა.

"ქუინის" ფანგვერდმა Queen True Fans იუთუბზე დაბადების დღის ფოტოსურათებს ორწუთიან ვიდეოში მოუყარა თავი.

ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს, მისი 45 წლის იუბილედან სამი თვის თავზე, შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ფრედი უკანასკნელ დაბადების დღესაც სახლში შეხვდა, თუმცა, ავადმყოფობისგან დაუძლურებულმა ხალხმრავალი წვეულება ვეღარ გამართა.

ნახეთ: კატები, რომლებსაც ფრედი მერკური შვილებივით უვლიდა

მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული