Thumbnail

დღე, როდესაც ჯონ ლენონმა The Beatles-ის წევრებს განუცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დაშლის შესახებ მსოფლიომ 1970 წლის 10 აპრილს შეიტყო, როდესაც პოლ მაკკარტნიმ ლივერპულური კოლექტივიდან წასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადა. თუმცა, ბენდის წევრებს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ 1968 წლიდან, White Album-ზე მუშაობის პერიოდიდან იგრძნობოდა. ძნელია დაზუსტებით თქმა, პირველმა ვინ გადაწყვიტა ჯგუფის დატოვება, თუმცა, ჯონ ლენონმა თავის კოლეგებს 1969 წელს შეატყობინა, რომ მისთვის "ბითლზში" მოღვაწეობა დასრულებული იყო. ამ საუბარს ბენდის მენეჯერი, ალენ კლეინი ესწრებოდა, რომელიც ეცადა, ჯონს ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ დაეტოვებინა.

ნახეთ: 2021 წელს The Beatles-ის ახალი წიგნი The Beatles: Get Back გამოიცემა

The Beatles-ის თითოეული წევრის ფავორიტი ალბომი ჯგუფის შემოქმედებიდან

The Beatles-ის სიმღერები, რომლებიც ჯონ ლენონის გარეშე ჩაიწერა

1970 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის თანადამფუძნებელ ჯენ ვენერთან ინტერვიუში ლენონმა გაიხსენა:

"როცა ტორონტოდან დავბრუნდი, რამდენჯერმე შევიკრიბეთ. ალენმა მითხრა, ჯერჯერობით ემოციები მომეთოკა, რადგან "ბითლზს" ბევრი დაუსრულებელი საქმე ჰქონდა დარჩენილი და ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის შეუფერებელი იყო. ამის შემდეგ პოლთან ერთად Apple-ის ოფისში რაღაცას განვიხილავდი და ყოველ ახალ იდეაზე ვპასუხობდი - არა, არა და არა-მეთქი. იქამდე მივედით, რომ საჭირო გახდა, რაღაც მეთქვა. განვუცხადე, რომ ჯგუფის საქმე დამთავრებული იყო და მივდიოდი. ალენიც იქ იყო და ჩემს შეჩერებას ცდილობდა. არ უნდოდა, ამის შესახებ პოლისთვის მეთქვა. მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თავისით აღმომხდა. როცა ორივე დარწმუნდა, რომ ამის შესახებ საჯაროდ ჯერ არაფერს ვიტყოდი, მადლობელი დარჩნენ. გეგონება, რაღაც დიდი ამბის აგორებას ვგეგმავდი. პოლმა მითხრა - თუ ამის ხმამაღლა თქმას არ აპირებ, ესე იგი არც არაფერი მომხდარაო", - ამბობდა ლენონი.

2000 წელს გამოცემულ წიგნში The Beatles Anthology პოლ მაკკარტნი იმ დღეს შემდეგნაირად იხსენებდა:

"აზრი გამოვთქვი, რომ ისევ მცირე მასშტაბის კონცერტებს უნდა დავბრუნებოდით. მშვენიერი პატარა ბენდი ვიყავით, ჩვენი ფესვები უნდა ვიპოვოთ და ვინ იცის, რა მოხდება-მეთქი. ჯონმა შემომხედა და მითხრა - მგონი, რაღაცას ბოდავო. თქვენთვის ამის თქმას არ ვაპირებდი, მანამ Capitol Records-თან კონტრაქტს არ გავაფორმებდი, მაგრამ ჯგუფიდან მივდივარო - ამის გაგონებაზე ფერი დავკარგეთ".

The Beatles

ამავე წიგნში რინგო მომხდარს შემდეგნაირად აღწერდა:

"მას შემდეგ, რაც ტორონტოში Plastic Ono Band-ის დებიუტი შედგა, ლონდონში, სევილ როუს ქუჩაზე შეხვედრა გვქონდა, სადაც ჯონმა ბოლოსდაბოლოს თქვა სათქმელი - მოდით, ყველაფერი დავასრულოთო. ყველა დავეთანხმეთ. ეს რეალურად დასასრული იყო, იმას მაინც ვერ შევაერთებდით, რაც უკვე დაშლილი იყო. ისე კი, მე ამ ჯგუფში კიდევ რამდენიმე წელი გავძლებდი".

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული