Thumbnail

BTS-ის არემი: როცა თავდაჯერებას ვკარგავ, ვიხსენებ სიტყვებს - გიყვარდეს საკუთარი თავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 75-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ. სესიაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა COVID-19 და დისტანციური სწავლება იყო. კოლექტივმა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება უწევთ, ვიდეოგზავნილი ჩაწერა. ბიჭებმა საკუთარ მონოლოგებში გულწრფელად ისაუბრეს, რა გავლენა მოახდინა თითოეულ მათგანზე მსოფლიო ტურნეს ჩაშლამ და თვითიზოლაციაში ყოფნამ.

ნახეთ: BTS-ის პერფორმანსი გადაცემაში Tiny Desk Concert

BTS-ის არემი: ამერიკაში უცხოპლანეტელებივით გვიყურებენ

ოქტომბერში BTS-ის კონცერტზე Map Of The Soul ON:E მაყურებლები დაიშვებიან

"კორონავირუსის გამო ჩვენი მსოფლიო ტურნე გაუქმდა, ყველა გეგმა ჩაგვეშალა, მე კი მარტო დავრჩი. ცაში ვიყურებოდი და ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავდი", - ამბობს ვიდეოში არემი.

ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ჯიმინმა კი აღნიშნა:

"უიმედობა დამეუფლა. ჩემ ირგვლივ ყველაფერი ჩამოიშალა. მხოლოდ ოთახის ფანჯრიდან შემეძლო, სამყაროსთვის მეცქირა მაშინ, როცა წინა დღეს თაყვანისმცემლებთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი".

შუგას თქმით, კორონავირუსის პანდემიას დადებითი მხარეებიც აქვს:

"ალბათ, პირველად მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრება უფრო მარტივია. ეს დრო ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მოვიდა და ფასეულიც გახდა. მიჩვეული ვარ, რომ მთელი სამყარო მყისიერად იცვლება - ტურნეზე ყოფნისას დიდ, განათებულ სცენებზე ვდგავარ, ხოლო როცა სახლში ვბრუნდები, ჩემი სამყარო პატარავდება".

მას შემდეგ, რაც "ბითიესის" დანარჩენმა წევრებმა, ვიმ, ჯეი-ჰოუპმა, ჯინმა და ჯონგუქმა ისაუბრეს, თუ როგორ გადაწყვიტეს, მუსიკაზე მუშაობით გადაელახათ მძიმე პერიოდი, არემმა თაყვანისმცემლებს მიმართა:

"როდესაც საკუთარი თავის რწმენას ვკარგავ, ვიხსენებ სიტყვებს, რომლებიც ორი წლის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოვთქვი - "გიყვარდეს საკუთარი თავი, ესაუბრე მას". ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, გვახსოვდეს, თუ ვინ ვართ, გვიყვარდეს საკუთარი თავი და ვიფიქროთ მომავალზე. შეიძლება, ცხოვრებაში წავიქცეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ვარსკვლავები ყველაზე მეტად მაშინ ანათებენ, როცა ცა ყველაზე ბნელია. თუ ვარსკვლავები არ ჩანს, მათ მთვარის შუქი ცვლის. ყველაზე მეტად კი გათენების წინ ბნელა".

კოლექტივი გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ წარადგინა. ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "ბითიესმა" 2017 წელს სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია Love Myself წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ალბომების სერია Love Yourself გამოუშვა, მსოფლიო ტურნე Love Yourself World Tour გამართა და გაეროს 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული