Thumbnail

Blackpink-ის ლისა Celine-ის სახე გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრი, ლალისა მანობანი, სასცენო სახელით Lisa, ფრანგული მოდის სახლის Celine გლობალური ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბრენდმა გაავრცელა ლისას ფოტოებთან ერთად, რომლებიც 23 წლის შემსრულებელს "სელინის" კრეატიულმა, შემოქმედებითმა და ვიზუალურმა დირექტორმა, ედი სლიმანმა პარიზში გადაუღო.

BLACKPINK და სელენა გომესი სიმღერაზე Ice Cream შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებენ

ნახეთ: BLACKPINK & Selena Gomez - Ice Cream

"ჩემთვის Celine გამორჩეული ბრენდია, ედი სლიმანი კი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ერთნაირად კარგად გამოსდის დიზაინზე მუშაობა და ფოტოგადაღება. ვიზუალიზაციის საშუალებით ის იშვიათ, დაუჯერებელ და სასურველ სამყაროებს ქმნის. მისი ნამუშევრები ჩემი შთაგონების წყაროა. დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ ედისთან მუშაობის საშუალება მომეცა, როგორც "სელინის" ელჩს", - ნათქვამია ლისას ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი ბრენდის ჩვენებებს აქტიურად ესწრება. ის ედი სლიმანთან ერთად კამერებსაც არაერთხელ აღუბეჭდია.

ლისა და "ბლექფინქის" დანარჩენი წევრები, ჯისუ, ჯენი და როზე ინდივიდუალურად თანამშრომლობენ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Bvlgari, Chanel, Dior და Yves Saint Laurent.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული