Thumbnail

Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კლივლენდელმა მუსიკოსმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, რადიოსადგურ SiriusXM-ის გადაცემაში The Howard Stern Show სტუმრობისას გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც 2020 წლის მარტში ფილმის Midnight in the Switchgrass გადასაღებ მოედანზე მსახიობ მეგან ფოქსს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ისინი კინოსურათში ერთად მონაწილეობენ და ახლა უკვე სასიყვარულო ურთიერთობაც აკავშირებთ. მეგანი რამდენიმე თვის წინ რეპერის მეხუთე ალბომში Tickets to My Downfall შესულ კომპოზიციაზე Bloody Valentine გადაღებულ კლიპშიც გამოჩნდა.

MGK ემინემზე: ყველაზე მეტად არ მსურს, რომ გაბრაზებული ლეგენდა ვიყო

MGK-ს მომავალი ალბომის Tickets To My Downfall გარეკანის შეცვლა მოუწია

"არ ვიცოდი, ეს რა შეგრძნება იყო, მანამ მეგანს არ ჩავხედე თვალებში. ოჰო-მეთქი, გავიფიქრე. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო, როცა სიყვარულს გული გავუღე. მანამდე ასეთი რამეების არსებობის არ მჯეროდა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ქელის თქმით, ერთადერთი, რაც წყვილს დისკომფორტს უქმნის, მედიის გადაჭარბებული ყურადღებაა.

"ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ყველამ იცის ჩემი სახლის მისამართი. უცნაური სიტუაცია შეიქმნა - როცა ადრე სრულიად ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ახლა ჩემთან მთელი დღე პაპარაცები დგანან", - ამბობს 30 წლის არტისტი.

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული