Thumbnail

Lizzo: მინდა, ჩემი სხეულის ფორმები ნორმად მიიჩნეოდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის წონასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ჭარბ წონასთან მიმართებით პოზიტიური დამოკიდებულების ჩვენება და სტერეოტიპების ნგრევაზე საუბარი ახლა აქტუალურია, თუმცა, ამას უარყოფითი მხარეც აქვს.

Lizzo: მე და თქვენ იდეალურ სხეულზე სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს

"ტერმინით Body Positive სარგებლის მიღებას ცდილობენ. საკმაოდ გამხდარი გოგონები და თეთრკანიანებიც ავრცელებენ ამ ჰეშთეგით ფოტოებს. ეს არ მადარდებს, რადგან ინკლუზიურობა არის ის, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ. მოხარული ვარ, რომ ეს თემები უკვე მეინსტრიმშია. მაგრამ, რაც ნამდვილად არ მომწონს, ისაა, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ტერმინი შემოიღეს, ამით სარგებელს არ ნახულობენ - გოგონები, რომლებსაც სქელი ზურგი, გადმოკიდებული მუცელი, შეერთებული ბარძაყები და სტრიები აქვთ, ანუ 2XL და მეტი ზომის არიან. ისინი უფრო უნდა ხეირობდნენ Body Positive კამპანიით.

მე პირადად მირჩევნია, ტერმინი Body Normative გამოვიყენო. მინდა, ჩემი სხეულის ფორმები ნორმად მიიჩნეოდეს. არ მესმოდეს, ნახე, რა მაგარი კამპანიაა, მსუქნად ყოფნა პოზიტიური რამააო. არა, სიმსუქნე ნორმალური რამაა. ვალში ვარ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ეს კამპანია წამოიწყეს, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ხალხს არაკომფორტულად უნდა ვაგრძნობინოთ თავი, რომ ცვლილებები გამოვიწვიოთ", - ამბობს ლიზო.

მუსიკოსმა გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი სურათები "ვოგის" ოქტომბრის ნომრის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. ვიდეორეჟისორის, ჰაიპ უილიამსის ობიექტივში ლიზო Valentino-ს, Moschino-ს, Gucci-ის და LaQuan Smith-ის სამოსშია აღბეჭდილი.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული