Thumbnail

Cardi B აზერბაიჯანელებს ბოდიშს უხდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის აზერბაიჯანელი ხალხისთვის ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოუწია, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შემთხვევით სომხეთის მხარი დაიჭირა. 6 ოქტომბერს რეპერმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით სარეკლამო პოსტერი გამოაქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, სომხეთის დასახმარებლად სატელევიზიო ფანდრაიზინგში მიეღოთ მონაწილეობა.

Cardi B: უქმრო, ცუდი და მდიდარი ქალი ვარ

ამ ქმედებით გაღიზიანებული აზერბაიჯანელები კი მუსიკოსს ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს და წერდნენ ტვიტებს ჰეშთეგით #cardibsupportsterrorism. სხვებმა ქარდი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის მრავალწლიან კონფლიქტში ერთ-ერთის მხარე დაიჭირა.

ჰიპ ჰოპ შემსრულებლებს განმარტებების გაკეთება ტვიტერზე მოუწია, სადაც ხმოვანი ჩანაწერები გამოაქვეყნა:

"მე და ოფსეტი ერთ-ერთ საერთო ქონებას ვყიდით და ამასთან დაკავშირებით კონსულტანტთან ვიმყოფებოდით. მან მითხრა, შემეძლო თუ არა სიკეთის გაკეთება და პოსტის გაზიარება. ვუპასუხე, რატომაც არა-მეთქი? მიყვარს მხარდაჭერის გამოხატვა. დღეს კი ვიღვიძებ და აზერბაიჯანელების უამრავი მესიჯი და პოსტი მხვდება - ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ორ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობს. პოსტერი ისე გამოვაქვეყნე, არაფერი გამომიკვლევია.

ბაქოში სტუმრობის დროს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, პრინცესასავით მეპყრობოდნენ. სომხეთი და აზერბაიჯანი ლამაზი, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყნებია. ჩემი სურვილია, მათ შორის მშვიდობა იყოს. ჩვენს პლანეტაზე პატარა მიწაც კი არ არსებობს, რომელიც ქაოსს, მსხვერპლს და ომს იმსახურებს. ისედაც ასეთი მძიმე წელია. არცერთის მხარე არ დამიჭერია, ორივე მიყვარს. ბოდიში, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე - ეს ჩემი სტილი არ არის".

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული