Thumbnail

ელტონ ჯონმა ყოფილ ცოლთან $4-მილიონიანი სასამართლო დავა დაასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა ყოფილ ცოლთან, რენატ ბლაუელთან წარმოებულ სასამართლო დავაზე შეთანხმებას მიაღწია. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელის საფუძველი ელტონის ავტობიოგრაფიული წიგნი Me გახდა, რომლის რამდენიმე თავშიც მათი ქორწინების შესახებაა საუბარი. 67 წლის ქალი პარტნიორს, რომელსაც 32 წლის წინ დაშორდა, განქორწინებისას გაფორმებული გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა და კომპენსაციის სახით 4 მილიონამდე აშშ დოლარს ითხოვდა.

ელტონ ჯონი: 30 წლის წინ შველა რომ არ მეთხოვა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია Sky News-ის ცნობით, სასამართლო დავა მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა და ამიერიდან, ისინი საკუთარი ქორწინებისა და ზოგადად, ერთმანეთის შესახებ საჯაროდ აღარ ისაუბრებენ. მიიღო თუ არა რენატმა ელტონისგან ფულადი კომპენსაცია, უცნობია.

"მხარეები მოხარული არიან განაცხადონ, რომ საკითხი რენატის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის აღიარების გზით გადაწყდა. ის, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ელტონი გასული 30 წლის განმავლობაში ღირსეულად და პატივისცემით ექცეოდა და ყოველთვის სიამოვნებით უწვდიდა დახმარების ხელს. მომავალში, ისინი ერთმანეთსა და საკუთარ ქორწინებას საჯარო სივრცეში აღარ განიხილავენ და არც ამ სასამართლო დავაზე გააკეთებენ კომენტარს", - წერს Sky News წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა The Independent-ის მიერ მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით, ელტონ ჯონმა ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნებამდე თანხმობა განაცხადა ტექსტიდან სადავო მონაკვეთები ამოეღო, თუმცა ეს პირობა არ შეასულა, რამაც ქალის მტკიცებით, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.

“წიგნის ერთ-ერთ თავში ელტონი აღნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ, ბლაუელი თავისი შვილების გასაცნობად მიიწვია, რადგან უნდოდა, რომ ის მისი ცხოვრების ნაწილად დარჩენილიყო, მაგრამ უარი მიიღო", - ნათქვამი იყო სტატიაში.

თავის მხრივ, მუსიკოსის დაცვის მხარე ამბობდა, რომ მან თავის წიგნში მხოლოდ იმ დეტალებზე ისაუბრა, რომლებიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო და გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს არ შეხებია.

ნახეთ: ელტონ ჯონმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Regimental Sgt. Zippo გამოუშვა

ელტონ ჯონმა ხმის ინჟინერი რენატ ბლაუელი 1983 წელს, თავის მე-17 ალბომზე Too Low for Zero მუშაობისას გაიცნო. წყვილმა მომდევნო წელს, მუსიკოსის ავსტრალიური ტურნეს მიმდინარეობისას იქორწინა, 1988 წელს კი ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ამის შემდეგ ელტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეი იყო და მომავალ ქმარს, დევიდ ფურნიშს ხვდებოდა.

განქორწინების შემდეგ რენატის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სმენია. მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განახლდა, რაც მუსიკოსის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Rocketman გავრცელდა, რომელშიც მათი ურთიერთობაცაა ასახული. 2001 წელს რენატმა სახელი შეიცვალა და ახალ პარტნიორთან ერთად ბრიტანეთის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა, ელტონ ჯონთან კი ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანისას, მან ნამდვილი ვინაობა დაიბრუნა, რათა სახელი, რომელსაც დღეს იყენებს, საიდუმლოდ შეენახა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული