Thumbnail

ბილი აილიშის ფანები მის გარეგნობასთან დაკავშირებულმა კრიტიკამ გააღიზიანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის სხეული კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტიური განხილვის საგანი, რაც ახლახან ლოს ანჯელესში გადაღებული პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც 18 წლის არტისტი, მისთვის ჩვეული დიდი ზომის მაისურის ნაცვლად, ტანზე მომდგარი ტოპით არის აღბეჭდილი. სურათებს არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. გოგონას თაყვანისმცემლები განსაკუთრებით ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის @GamesNosh სიტყვებმა გააღიზიანა:

ბილი აილიშის პაპარაცულ ფოტოებს თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

"10 თვეში ბილი აილიში 30 წელს გადაცილებულ დედას დაემსგავსა, რომელიც გულის გადასაყოლებლად ალკოჰოლს მოიხმარს".

არტისტის ფანებმა ახალგაზრდა კაცი "ბოდიშეიმინგის" გამო გააკრიტიკეს.

"ბილი აილიში ლამაზია. გთხოვთ, ნუ გააკრიტიკებთ მის, ან სხვა ნებისმიერი ადამიანის სხეულს. "ბოდიშეიმინგი" ზიანის მომტანი და მიუღებელი რამაა".

"აი, რა ასწავლა პორნოინდუსტრიამ და სოციალურმა მედიამ კაცებს - რომ ბილი აილიშის ფორმების მქონე ადამიანები მსუქნები არიან და არა ნორმალურები".

"ბილის სხეულის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის დიდი ზომის ტანსაცმელს ატარებს. ეს ყველაფერი ობიექტურად არასწორია. ის ლამაზად და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჯანმრთელად გამოიყურება. აცადეთ ადამიანებს, თავდაჯერებულები გახდნენ".

"ყველა, ვინც ბილი აილიშის სრულიად ნორმალურ სხეულზე ასე რეაგირებს, საკუთარ თავს კარგად უნდა დააკვირდეს. მე, როგორც ადამიანი, რომელიც მის ასაკში ზუსტად ასე გამოიყურებოდა, ვისურვებდი, რომ ეს არაჯანსაღი აბსურდი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ის ლამაზი და ნორმალური აღნაგობისაა!".

მას შემდეგ, რაც პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, ბილიმ ინსტაგრამის სთორიში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის ვიდეო გააზიარა, რომელსაც წარწერა ერთვის:

"შეგვიძლია, ნამდვილი სხეულები ვაქციოთ ნორმად?".

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა რამდენიმე თვის წინ იუთუბზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი Not My Responsibility გაავრცელა, რომელშიც ტანსაცმელს ნელ-ნელა იხდის და საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკულ შეხედულებებზე საუბრობს.

"გინდათ, რომ უფრო გამხდარი ვიყო? სუსტი? მაღალი? მშვიდი? გინდა, გამოგიწვიოს ჩემმა მხრებმა, გულმკერდმა, მუცელმა თუ თეძოებმა? სხეული, რომელშიც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდა, ყოფილიყო? თუ მაცვია ის, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ. თუ სამოსს ვიხდი, ბო*ი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ტანი არ გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?", - ამბობს ბილი ვიდეოში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული