Thumbnail

ნიკ ქეივი: "ანონიმური ნარკომომხმარებლების" დახმარების გარეშე ვერ გადავრჩებოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა თავისი ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით ამერიკელი თაყვანისმცემლის, ევანის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად დაეხმარებოდა "ანონიმურ ნარკომომხმარებელთა საზოგადოება" ჰეროინზე დამოკიდებულების დაძლევაში. აღსანიშნავია, რომ არტისტი წლების განმავლობაში სწორედ ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.

ნიკ ქეივი: გეტყვით, რა პრობლემები შემიქმნა ნარკოტიკებმა

"რას ფიქრობ "ანონიმურ ნარკომომხმარებელთა საზოგადოებაზე"? ამჟამად ჰეროინზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ვცდილობ, თუმცა, მიჭირს, რომ ამ ორგანიზაციამდე მივიდე. დაახლოებით ვხვდები, როგორ შეუძლიათ ჩემი დახმარება, თუმცა, მაინც ეჭვი მეპარება, ყოფილმა ნარკოდამოკიდებულებმა საუბრით მიშველონ. რას მირჩევ, მივცე მათ შანსი?".

ქეივმა ევანს ურჩია, რომ იაროს ზემოხსენებული ორგანიზაციის შეხვედრებზე, რადგან სწორედ მათი დახმარებით შეძლო თავად ნივთიერებაზე დამოკიდებულების დაძლევა.

"მესმის შენი, მეც შენნაირად ვფიქრობდი. გულის სიღრმეში ვერ ვგრძნობდი ისეთ ახლო კავშირს მათთან, როგორც სხვები. თუმცა, სამართლიანი იქნება, აღვნიშნო - რომ არა ისინი, მე, სავარაუდოდ, ვერასდროს გავთავისუფლდებოდი ჰეროინზე დამოკიდებულებისგან. ეს იყო ადგილი, რომელიც წლიდან წლამდე ხოხვა-ხოხვით დაბრუნებულს მიღებდა. ამის გამო მთელი ცხოვრება მათ ვალში ვიქნები. როდესაც ყველამ გამრიყა, ეს ორგანიზაცია გვერდში მედგა. აუცილებლად დაინახავ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს. "ანონიმურმა ნარკომომხმარებლებმა" მაჩვენეს გზა. ისევ გადავიკითხე შენი წერილი და ჩემი რჩევაა, აუცილებლად იარო შეხვედრებზე. სიყვარულით, ნიკი", - წერს არტისტი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული