Thumbnail

მუსიკასა და მუსიკოსებთან დაკავშირებული 5 ცრურწმენა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

დაწყევლილი სიმღერები, სულის გაყიდვის ფასად მიღწეული წარმატება და საბედისწერო ასაკი - მუსიკის სამყარო ცრურწმენებისა თუ მდიდარი ფანტაზიის მქონე მოცლილების მიერ შეთხზული საშიში ლეგენდების დეფიციტს ნამდვილად არასდროს უჩიოდა. სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ ნაწარმოებისა თუ შემსრულებელის შესახებ არაერთი უცნაური შეხედულება გაჩნდა, რომელთა ნაწილიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

ჩვენს სტატიაში სწორედ მუსიკასა და მუსიკოსებთან დაკავშირებულ ხუთ ცრურწმენაზე მოგითხრობთ.

5. მე-9 სიმფონიის წყევლა

კომპოზიტორის მიერ რიგით მეცხრე სიმფონიის შექმნა მისი აღსასრულის მოახლოებაზე მიანიშნებს - ამ ცრურწმენას საფუძველი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიკვდილმა დაუდო, რომელმაც სიცოცხლეში სწორედ ცხრა სიმფონიის დასრულება მოასწრო. მოგვიანებით კი, ფრანც შუბერტის, ლუი შპორის, ალფრედ შნიტკესა და რალფ ვონ უილიამსის მსგავს ვითარებაში გარდაცვალებამ თეორიას ახალი მიმდევრები გაუჩინა.

ამ ცრურწმენას ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, გუსტავ მალერიც იზიარებდა, რომელიც რვა სიმფონიის დაწერის შემდეგ, საკუთარ ნაწარმოებს Das Lied von der Erde ამ სახელით ჯიუტად არ მოიხსენიებდა. არადა, ეს ნამუშევარი რეალურად მისი სიმფონიური ციკლის მეცხრე ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ხელოვანმა ფარ-ხმალი მაინც დაყარა და თავის მომდევნო ქმნილებას სიმფონია უწოდა. საინტერესოა ისიც, რომ მისი დასრულებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში მალერი გარდაიცვალა.

4. თვითმკვლელთა სიმღერა

უნგრელი კომპოზიტორის, რეჟიო შერეშის სიმღერის Szomorú Vasárnap (ინგლისურად: Gloomy Sunday) თავდაპირველი ტექსტი ომით გამოწვეულ უიმედობას აღწერდა, თუმცა ნამუშევარმა განსაკუთრებული პოპულარობა პოეტ ლაზლო იავორის ლირიკის თანხლებით მოიპოვა, რომელშიც მთავარი გმირი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გაჩენილ თვითმკვლელობის სურვილზე გვესაუბრება.

სწორედ ამ ლექსითაა ინსპირირებული ცრურწმენა, რომლის თანახმადაც, კომპოზიციის მოსმენა ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს. 1930-იან წლებში უნგრული თუ ამერიკული პრესა Gloomy Sunday-ის არაერთ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირებდა, რის შედეგადაც მსმენელთა ნაწილი დღეს უკვე ჯაზ სტანდარტად ქცეულ ნაწარმოებს "უნგრული თვითმკვლელთა სიმღერის" სახელით იცნობს. აღსანიშნავია, რომ თავად რეჟიო შერეშმა სიცოცხლე 1968 წელს, საავადმყოფოს პალატაში თავის ჩამოხრჩობით დაასრულა.

3. კომპოზიცია Crossroads-ის წყევლა

ამერიკელი ბლუზ შემსრულებელის, რობერტ ჯონსონის შესახებ თქმულების თანახმად, მუსიკოსი ერთ შუაღამეს გზაჯვარედინზე ეშმაკს გადაეყარა, რომელმაც მას სულის სანაცვლოდ გიტარაზე დაკვრის საოცარი ნიჭი უბოძა. სწორედ ამ ლეგენდამ წარმოშვა ცრურწმენა ჯონსონის მიერ 1936 წელს შექმნილ ჩანაწერზე Crossroads, რომლის თანახმადაც, მის გადამღერებას არტისტებისთვის უბედურება მოაქვს.

ამ თეორიის მიმდევრები მაგალითების ნაკლებობას არ უჩივიან. კომპოზიციის შესრულებიდან ორი წლის შემდეგ ჯგუფის The Allman Brothers ფრონტმენი, დუიენ ოლმენი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას დაიღუპა. მოგვიანებით, როკ ბენდი Lynyrd Skynyrd ავიაკატასტროფაში მოჰყვა, რასაც კოლექტივის ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1991 წელს კი საკულტო გიტარისტს, ერიკ კლეპტონს შვილი გარდაეცვალა.

2. ოცდაშვიდიანელთა კლუბი

"ოცდაშვიდიანელთა კლუბის" სახელით ცნობილ ცრურწმენას, რომლის თანახმად, გამოჩენილი არტისტების 27 წლის ასაკში გარდაცვალება შემთხვევითობა სულაც არ გახლავთ, საფუძველი 1969-71 წლებში ჩაეყარა. დროის ამ მოკლე პერიოდში მუსიკის სამყარომ ბრაიან ჯონსის, ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინისა და ჯიმ მორისონის დონის ფიგურები დაკარგა, მოგვიანებით კი მათ კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი და ათობით სხვა გამოჩენილი კოლეგაც შეუერთდა. თითოეული მათგანი გარდაცვალებისას სწორედ 27 წლის იყო.

ეს ცრურწმენა პოპ კულტურის ისტორიაში, დიდი ალბათობით, ყველაზე ცნობილია. მას სხვადასხვა დროს სტატისტიკური კვლევებიც კი მიეძღვნა, რომელთა შედეგებიც ნათლად მეტყველებს, რომ ზემოხსენებული შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ ტრაგიკული დამთხვევების ციკლია და სხვა არაფერი.

1. ბადი ჰოლის წყევლა

1959 წლის 3 თებერვალს, აიოვას შტატში მომხდარმა ავიაკატასტროფამ როკ-ენ-როლის სამი პიონერი - რიჩი ვალენსი, ბიგ ბოპერი და ბადი ჰოლი შეიწირა. ეს უკანასკნელი მიმდინარე ტურნეს ჩასამთავრებლად მომღერალმა რონი სმიტმა ჩაანაცვლა, რომელიც კონცერტების დასრულებისთანავე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, რამდენიმე წელიწადში კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით, ჰოლის ბენდის The Crickets წევრი, დევიდ ბოქსიც თვითმფრინავის ჩამოვარდნისას, ასევე 22 წლის ასაკში დაიღუპა.

ყველაზე უცნაური კი როკ კოლექტივის The Who დრამერის, კით მუნის შემთხვევაა, რომელიც 7 სექტემბერს, ბადი ჰოლის დაბადების დღეს, მის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის The Buddy Holy Story ყურებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სწორედ ამ უბედურმა შემთხვევებმა გააჩინა ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, ლეგენდარული მუსიკოსის სახელს თან წყევლა სდევდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული