Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: წლების შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა რამდენიმე წლის წინ წიგნი True Love გამოუშვა, რომელშიც გულახდილად საუბრობს, როგორ ისწავლა საკუთარი თავის სიყვარული. არტისტის თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისთვის საკუთარი თავის მკაცრად განსჯა შეწყვიტა.

ჯენიფერ ლოპესი სიმღერის Lonely ტექსტის გამო გააკრიტიკეს

ჯენიფერ ლოპესი: ბავშვობაში მუდმივად დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი

მერაია ქერი თავის მემუარებში იხსენებს, რა ეწყინა ჯენიფერ ლოპესისგან

"იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიყვარო, მნიშვნელოვანია, შენ მიერ დაშვებული შეცდომების მიტევება ისწავლო - ეს ისაა, რაც ყოველთვის მიჭირდა. ამბიციურობისა და პერფექციონიზმის გამო სულ საკუთარ თავთან ვიყავი ჭიდილში. თავს ვიკიცხავდი, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი, ან რამე არ გამომდიოდა. დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჩავარდნებისა და წარუმატებლობების გარეშე იმის ნახევარი ინსტინქტები და იდეები არ მექნებოდა გამომუშავებული, რაც ახლა მაქვს.

მოკლედ, საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს იმას, რომ შენი თავი, მისი თითოეული მხარე მიიღო. როცა საქმე ჩემს მუსიკაზე მიდგება, არასდროს ვარ ერთფეროვანი. რატომ უნდა შევიზღუდო თავი? გავაცნობიერე, რომ ნამდვილი უნდა იყო, მთავარი გულწრფელობაა, კრიტიკა და სხვების აზრი არ უნდა გაინტერესებდეს. იყო ნამდვილი არტისტი, ნიშნავს, იცნობდე საკუთარ თავს, მიიღო ის და სხვებსაც წარუდგინო ისეთი, როგორიც არის. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ", - წერდა ჯეილო.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული