Thumbnail

ჯექსონის სავარაუდო პედოფილიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიის სასამართლომ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯიმი სეიფჩაკის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. 42 წლის მამაკაცი არტისტის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს MJJ Productions და MJJ Ventures Inc. პედოფილიის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა.

ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

როგორც BBC წერს, სეიფჩაკმა, რომლის მტკიცებითაც მომღერალი 1990-იან წლებში მასზე სექსუალურად ძალადობდა, სასამართლოს ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა. მისი განცხადებით, ამ კომპანიების მთავარი საქმიანობა სწორედ ის გახლდათ, რომ ჯექსონის გარყვნილი ქმედებებისთვის ხელი დაეფარებინათ. საქმის წარმოება 2020 წელს, მას შემდეგ განახლდა, რაც კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად მსგავსი ტიპის დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდა.

მაიკლ ჯექსონი: ბავშვობაში ვტიროდი, როცა სხვები თამაშობდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა

"სეიფჩაკი პატარაობაში ამ კომპანიებიდან ერთ-ერთმა დაიქირავა, შედეგად ის მაიკლ ჯექსონის გარემოცვაში დროს ატარებდა. ის განცხადება, რომ ორგანიზაცია არ იყო ვალდებული, დაეცვა ბავშვი და მისი უსაფრთხოება, უბრალოდ, სასაცილოა", - ციტირებს გამოცემა TMZ ადვოკატის, ვინს ფინალდის სიტყვებს.

ჯიმი სეიფჩაკი

გამოცემისვე ცნობით, მოსამართლე მარკ იანგმა დაადგინა, რომ სეიფჩაკის ბრალდება მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული და ამიტომაც საქმე წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ჯიმი სეიფჩაკი მაიკლს პირველად "პეპსის" სარეკლამო რგოლის გადაღებებზე შეხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჯექსონი მის ოჯახს დაუკავშირდა და სახლში გადამღები ჯგუფი გაუგზავნა.

"ახლა ვხვდები, რომ ჯექსონმა ჯიმის, ფაქტობრივად, ქასთინგი მოუწყო. მან ჩვენთან გადამღები ჯგუფი გამოგზავნა, თუმცა, რა მიზნით, არ აუხსნია. არც ჩვენ გვიკითხავს. მაშინ აღფრთოვანებულები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან პოპვარსკვლავს ჩვენთან მეგობრობა სურდა", - იხსენებდა სეიფჩაკის დედა დოკუმენტურ ფილმში.

მაიკლ ჯექსონი და ჯიმი სეიფჩაკი

Leaving Neverland, რომელიც მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ მოგვითხრობს, 2019 წელს ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს ეთერში გავიდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. სურათი ჯიმი სეიფჩაკთან ერთად უეიდ რობსონის მონათხრობზეა დაფუძნებული. მამაკაცების მტკიცებით, მუსიკოსი მათზე სისტემატურად ძალადობდა, რაც მაშინ დაიწყო, როცა 7 და 10 წლის ასაკის იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული