Thumbnail

Suga-ს მასწავლებელი: ბავშვობაში ღამეებს ათენებდა, რომ მუსიკისთვის დრო გამოენახა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრს, მინ იუნგის, იგივე შუგას კოლექტივის 130-ზე მეტი კომპოზიციის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 27 წლის არტისტმა, რომელიც დღეს უკვე კორეელ მუსიკოსთა საავტორო უფლებების ასოციაციის (KOMCA) სრულუფლებიანი წევრია, სიმღერების წერის ნიჭი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გამოავლინა. როგორც მისი მასწავლებელი, კვონ ჯი ჰვანი 2019 წელს ადგილობრივ გამოცემა The Maeil Shinmun-თან ინტერვიუში იხსენებდა, შუგა ღამეებს ათენებდა, სწავლის პარალელურად დრო მუსიკისთვისაც რომ გამოენახა.

ნახეთ: BTS-ის შუგას საყვარელი კომპოზიციები

ნატვრა, რომელიც BTS-ის ჯონგუქს სამი წლის შემდეგ აუხდა

BTS-ის ჯეი-ჰოუპი განმარტავს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის თაყვანისმცემლებში

"იუნგი არასდროს არღვევდა სკოლის განაწესს. მაშინ ჯერ კიდევ ძველი დრო იყო, ვაჟთა კერძო სკოლაში მოსწავლეებს ფორმითა და ერთნაირი ვარცხნილობით უნდა ეარათ. მას არასდროს დაურღვევია ეს წესი იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსი იყო. შუგა იმ პერიოდში სამუსიკო სასწავლებელშიც დადიოდა და მზის ამოსვლამდე არ იძინებდა, რომ დაკვრა კარგად შეესწავლა".

როგორც თავად შუგა ყვებოდა, სიმღერის ტექსტების წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. 17 წლის კი ხმის ჩამწერ სტუდიაში ნახევარ განაკვეთზე უხელფასოდ მუშაობდა, რათა მუსიკის შესაქმნელად საჭირო ტექნიკასთან ჰქონოდა წვდომა.

"როცა 17-18 წლის ვიყავი, თუ საჭმელს ვიყიდიდი, სახლში წასასვლელად ავტობუსის ფული არ მრჩებოდა. სიმღერა რომც გამეყიდა, ფულს მაინც არ მიხდიდნენ", - იხსენებდა არტისტი.

მას შემდეგ, რაც "ბითიესის" წევრი გახდა, მუსიკოსმა აქტიურად დაიწყო თაყვანისმცემლებისთვის სამუშაო პროცესის გაზიარება, თუ როგორ ქმნის სიმღერების ტექსტებს, მელოდიებსა და სემპლებს.

შუგამ პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. კოლექტივში მოღვაწეობის გარდა, ის სოლო ნამუშევრებსაც ავრცელებს და სხვა არტისტებისთვისაც ქმნის კომპოზიციებს. პირველი სოლო მიქსტეიპი Agust D მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა, 2020 წელს კი საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი კიდევ ერთი ალბომი D-2 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული