Thumbnail

ცნობილი ბენდის წევრი 5 მუსიკოსი, რომელმაც წარმატებას სხვა ჯგუფში მიაღწია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

როგორც წესი, პოპულარული ჯგუფების მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე მათ რიგებს არაერთი წევრი ტოვებს. ამ უკანასკნელთა სახელები უმეტესწილად დავიწყებას ეცემა, თუმცა ისეთი შემთხვევების გახსენებაც შეგვიძლია, როდესაც ამა თუ იმ მუსიკოსმა უკვე პოპულარული ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, წარმატებას სხვა კოლექტივთან ერთად მიაღწია.

ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთ ასეთ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

5. ჯიმი ჰენდრიქსი

ვიეტნამის ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჯიმი ჰენდრიქსმა ბედი არაერთ კოლექტივში სცადა. მათ შორის იყო Little Richard-ის ფსევდონიმით ცნობილი ლეგენდარული არტისტის, რიჩარდ პენიმანის საკონცერტო ჯგუფიც The Upsetters. როკ-ენ-როლის პიონერს ახალგაზრდა მუსიკოსის ექსცენტრიკულობა, რეპეტიციებზე მუდმივი დაგვიანებები და ჩაცმულობის სტილი აღიზიანებდა, რის გამოც ის რამდენიმე თვეში დაითხოვა. ისტორიას ჰენდრიქსისა და ლითლ რიჩარდის სტუდიური თანამშრომლობიდან ერთადერთი სინგლი I Don't Know What You Got (But It's Got Me) შემორჩა, ჯიმიმ კი მცირე ხანში მიტჩ მიტჩელთან და ნოელ რედინგთან ერთად საკულტო ტრიო The Jimi Hendrix Experience ჩამოაყალიბა და როკ მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა.

4. დეივ მასტეინი

საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა Metallica-ს შემოქმედებითი კარიერა, დეივ მასტეინს კოლექტივის შემადგენლობა რომ არ დაეტოვებინა. ეს უკანასკნელი ლეგენდარულ ჯგუფში მოღვაწეობისას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს უზომო რაოდენობით მოიხმარდა, რაც ხშირად აგრესიული ქცევისა და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის მიზეზი ხდებოდა. საბოლოოდ, ბენდის დანარჩენ წევრებს გიტარისტის გამოხტომები ყელში ამოუვიდათ და ის სადებიუტო ალბომის Kill 'Em All ჩაწერის დასრულებამდე დაითხოვეს. მასტეინმა რამდენიმე წელიწადში ახალი პროექტი Megadeth ჩამოაყალიბა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია და თავის უმთავრეს კონკურენტთან, Metallica-სთან ერთად თრეშ მეტალის დიდი ოთხეულის ერთ-ერთ წარმომადგენლად მიიჩნევა.

3. ვინს კლარკი

სინთპოპის ისტორიაში ვინს კლარკის მსგავსი ავტორიტეტული ფიგურები თითებზე ჩამოსათვლელია. ინგლისელმა მუსიკოსმა პროფესიონალური მოღვაწეობა ეპოქალურ კოლექტივში Depeche Mode დაიწყო, რომელიც სადებიუტო ალბომის Speak & Spell გამოცემიდან მცირე ხანში, შემოქმედებით მიმართულებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დატოვა. მის წასვლასთან ერთად, ჯგუფის სტილმა მკვეთრი ცვლილება განიცადა და გაცილებით დეპრესიული, გოთიკური ესთეტიკა შეიძინა. ვინსმა კი კარიერის განმავლობაში კიდევ არაერთი პროექტი ჩამოაყალიბა, რომელთგანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას Yazoo და Erasure იმსახურებენ. ამ ორი დუეტის შემადგენლობაში კლარკმა არაერთი უკვდავი ჰიტი ჩაწერა და თავისი თაობის გამორჩეულად ნიჭიერი არტისტის სტატუსიც დაიმკვიდრა.

2. სიდ ვიშეზი

1976 წლის 20 სექტემბერს, ლონდონში გამართულ პანკ ფესტივალზე ერთ-ერთმა მონაწილე ბენდმა სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო და ის ადგილობრივი მუსიკოსების მიერ სპონტანურად ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა ჩაანაცვლა. ამ ახალბედა პროექტს მოგვიანებით Siouxsie and the Banshees დაერქვა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, მათმა დრამერმა, სიდ ვიშეზმა კი შემადგენლობა ზემოხსენებული კონცერტიდან ორ თვეში დატოვა. მოგვიანებით ის კიდევ ერთი პოპულარული კოლექტივის The Damned წამყვანი ვოკალისტის პოზიციაზე მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ, სიდი The Sex Pistols-ის ბასისტი გახდა, რამდენიმე თვეში კი მათი ეპოქალური ალბომის Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols გამოსვლამ პანკ რევოლუციას დაუდო საფუძველი.

1. კორტნი ლავი

1990-იანი წლების ალტერნატიული როკ სცენის გამორჩეულად სკანდალური ფიგურა, კორტნი ლავი კარიერის საწყის ეტაპზე მცირე ხნით პოპულარული კოლექტივის Faith No More ვოკალისტი იყო და მათ შემადგენლობაში რამდენიმე კომპოზიციის დემო ვერსიის ჩაწერაც მოასწრო. ჯგუფიდან მისი გაშვების მიზეზი დანარჩენი წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რომლის თანახმადაც, მათ მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი ფრონტმენი სჭირდებოდათ. ლავმა ექვსი წლის შემდეგ გრანჟ კოლექტივი Hole დაარსა, რომელმაც სხვადასხვა დროს გრემის 4 ნომინაცია მოიპოვა, მილიონობით ალბომი გაყიდა და მუსიკის ისტორიაში ქალი შემსრულებლის ლიდერობით მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული