Thumbnail

რატომ გადაიფიქრა თეთრმა სახლმა ბილი აილიშთან თანამშრომლობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის $250-მილიონიან კამპანიას ამზადებს, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანების მონაწილეობით სარეკლამო ვიდეორგოლის გავრცელება იგეგმება. როგორც გამოცემა The Washington Post-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, ინიციატივა მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული "სასოწარკვეთის დაძლევასა და იმედის გაღვივებას". კამპანიის ერთ-ერთ მონაწილედ 18 წლის პოპულარული მუსიკოსი, ბილი აილიში მოიაზრებოდა, თუმცა, საბოლოოდ ის შერჩეულ ვარსკვლავებს შორის ვერ მოხვდა.

ბილი აილიშის ძმა პასუხობს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი ბილი აილიში

ნახეთ: პირველი კადრები ბილი აილიშის ონლაინ კონცერტიდან WHERE DO WE GO?

როგორც გამოცემა კონგრესიდან მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ოფისმა კამპანიის სამზადისის ფარგლებში აილიშის პოლიტიკურ განცხადებებს თავი მოუყარა:

"2019 წელს განცხადება გააკეთა იარაღის მოხმარების კონტროლთან დაკავშირებით; 2020 წელს პირველად ისარგებლებს ხმის მიცემის უფლებით; არ არის ტრამპის მხარდამჭერი - განაცხადა, რომ "ის ანგრევს ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს, რაც ჩვენთვის ფასეულიაო".

არსებული ინფორმაციით, ამავე დოკუმენტში ნახსენები იყო ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესიც. საბოლოოდ რამდენიმე ასეული ცნობილი ადამიანიდან კამპანიისთვის 10 ვარსკვლავი შეარჩიეს. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ბილი აილიშის მსგავსად, ათეულს მიღმა დარჩა ჯეილოც, რადგან მან Super Bowl-ზე პერფორმანსის მიმდინარეობისას პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.

ბილი აილიშს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, ტრამპის პოლიტიკა არაერთხელ გაუკრიტიკებია. აგვისტოში ის აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ონლაინ ყრილობაზე პერფორმანსით გამოვიდა და თაყვანისმცემლებს მათი კანდიდატის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული