Thumbnail

ნახეთ: Cardi B-ს დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები 24 საათში სრულად ამოიყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ სპორტული ბრენდის Reebok ფეხსაცმლის მოდელის Club C განახლებულ დიზაინზე იმუშავა. კოლექცია გაყიდვაში 13 ნოემბერს ჩაეშვა და 24 საათზე ნაკლებ დროში თითქმის ყველა მაღაზიასა თუ ვებგვერდზე ამოიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქარდიმ ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და მყიდველებს მადლობა გადაუხადა.

Cardi B-ის ინდუისტური ღვთაების განსახიერების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი მომავალი სეზონის კოლექციებისთვის უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებ", - დაწერა შემსრულებელმა სოციალურ ქსელში.

მანამდე არტისტმა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ "რიბოკის" ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა მოდელი სრულად იყო ამოყიდული. ქარდიმ იმ თაყვანისმცემლებსაც უპასუხა, რომლებიც ჩიოდნენ, რომ ფეხსაცმელების შეძენა ვერ მოასწრეს.

"ჩემგან რას ითხოვთ, რა ჩემი ბრალია, რომ ასეთი საოცარი მხარდამჭერები ხართ? მგონი, კიდევ დარჩა საიტები, რომლებზეც შეგიძლიათ შეძენა. მადლობა, რომ ასე დაიტაცეთ ჩემი ფეხსაცმელები", - აღნიშნა მუსიკოსმა.

რეპერმა "რიბოკთან" თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, როცა ის ბრენდის სახედ აირჩიეს. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ქარდიმ მათი ფეხსაცმელების დიზაინზე იმუშავა. თეთრ, წითელ და შავ ფერებში წარმოდგენილი მოდელების ფასი 45-დან 100 დოლარამდე მერყეობდა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული