Thumbnail

სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ ჯექსონი ყოველთვიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა 40-წლიანი კარიერის განმავლობაში 750 მილიონი ალბომი გაყიდა. იმის მიუხედავად, რომ მისი გარდაცვალებიდან უკვე 11 წელია გასული, არტისტის შემოსავლები ყოველთვიურად კვლავაც მილიონობით დოლარს შეადგენს. ამაზე მიუთითებს ონლაინ კაზინოს, Party Casino-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ჯექსონი ყოველ წუთში 115 დოლარს გამოიმუშავებს. ამავე ვებგვერდის გამოანგარიშებით, ყოველწლიურად ეს თანხა $60 მილიონს აღემატება, რაც ყოველთვიურად საშუალოდ 5 მილიონი გამოდის.

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

ნახეთ: რეპერი Daeshard მაიკლ ჯექსონის რანჩოში შეიჭრა და კლიპი გადაიღო

როგორც ონლაინ გამოცემა Express წერს, შემსრულებლისთვის ყველაზე დიდი კომერციული წარმატების მომტან სინგლად Billie Jean რჩება, ალბომებიდან კი Thriller და Bad უნდა აღინიშნოს, რომლებიც მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე მომგებიან სტუდიურ ნამუშევრებს შორისაა. გამოცემისვე ვარაუდით, მაიკლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი როგორც მუსიკოსის წარმომადგენლობაზე, ასევე, მის საქველმოქმედო ფონდებში ნაწილდება.

ჯექსონის სავარაუდო პედოფილიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა

2019 წლის სექტემბერში გამოცემამ The Blast ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ მის წარმომადგენლობას 1,7 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა მიღებული. 2020 წელს კი არტისტი ზედიზედ მერვედ მოხვდა Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეში.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული