Thumbnail

მეგან ფოქსი: კავშირი, რომელიც MGK-სთან მაქვს, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალში NYLON კლივლენდელი მუსიკოსის, კოლსონ ბეიკერის, იგივე Machine Gun Kelly-ს ინტერვიუ და ფოტოები დაიბეჭდა. არტისტზე პროფილის მომზადება მის შეყვარებულს, ამერიკელ მსახიობ მეგან ფოქსს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა პარტნიორის დახასიათებისას აღნიშნა, რომ მასთან ისეთი კავშირი აქვს, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება, იგრძნო ვინმეს მიმართ.

Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია

ნახეთ: Machine Gun Kelly და ჰოლზი კლიპს Forget Me Too ავრცელებენ

"გიყვარდეს ის, იგივეა - შეყვარებული იყო ცუნამიზე ან ტყის ხანძარზე. მასთან ყოფნით გამოწვეული ემოციები უსაზღვროა, ხოლო საფრთხე, რომელსაც გიქადის, უდიდესი, მაგრამ ამავდროულად იმდენად მშვენიერი, რომ სხვა გზა არ გრჩება, უნდა დანებდე", - წერს მსახიობი.

ფოქსისვე თქმით, მუსიკოსმა "ცუდი ბიჭის" იმიჯი იმ ბრაზისა და ტკივილის შესანიღბად მოირგო, რომელიც მისი ბავშვობის ტრავმებს უკავშირდება.

"ის ამ გზით ცდილობს საკუთარი თავისა და გარესამყაროსგან დამალვას. თუმცა, მე მას თვალებში ჩავხედე და ყველაზე უცოდველი, კეთილშობილი და სუფთა სულის ადამიანი დავინახე. გული მაშინვე ნამსხვრევებად მექცა და მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ემოციური კავშირი, რომელიც ერთმანეთთან გვაქვს, ცხოვრებაში შეიძლება, მხოლოდ ერთხელ იგრძნო", - აღნიშნავს მსახიობი.

მეგანთან პირველი შეხვედრა გაიხსენა თავად არტისტმაც.

"არ ვიცოდი, ეს რა შეგრძნება იყო, მანამ მეგანს არ ჩავხედე თვალებში. ოჰო-მეთქი, გავიფიქრე. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო, როცა სიყვარულს გული გავუღე. მანამდე ასეთი რამეების არსებობის არ მჯეროდა", - აღნიშნა მუსიკოსმა რადიოსადგურ SiriusXM-ის გადაცემაში The Howard Stern Show სტუმრობისას.

წყვილი ერთმანეთს 2020 წლის მარტში, ფილმის Midnight in the Switchgrass გადასაღებ მოედანზე შეხვდა, რის შემდეგაც, მათი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. მეგანი რამდენიმე თვის წინ რეპერის მეხუთე ალბომში Tickets to My Downfall შესულ კომპოზიციაზე Bloody Valentine გადაღებულ კლიპშიც გამოჩნდა.

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული