Thumbnail

ყველაზე ეფექტური გარეკანის მქონე მუსიკალური ალბომები (ნაწილი I)

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

რა ქმნის ალბომის კარგ ყდას? ჩვენი სტატია იმის ნათელი მაგალითია, რომ ამ შეკითხვაზე არაერთი განსხვავებული პასუხი მოიძებნება.

►  ყველაზე ეფექტური გარეკანის მქონე მუსიკალური ალბომები (ნაწილი II)

ზოგ შემთხვევაში გამოსავალი მინიმალიზმშია, ზოგში გადამწყვეტ როლს ფარული სიმბოლო თამაშობს, ხანდახან კი, უბრალოდ, ეფექტური ფოტოს გადაღებაც საკმარისია. ფაქტი ერთია - ბევრი ჩანაწერის გარეკანი პოპ კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და მათი გავლენაც დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ მუსიკის ფარგლებს.

ამ სერიის სტატიებში მუსიკალური ალბომების გამორჩეულ ყდებს შემოგთავაზებთ.

Joy Division - Unknown Pleasures (1979)

სადებიუტო ალბომისათვის პოსტ პანკის ტიტანებმა ყდა დიზაინერ პიტერ სევილს შეუკვეთეს. მან კი ჯგუფის გიტარისტის, ბერნარდ სამნერის რჩევით, იმ ფოტოს ნეგატივი შექმნა, რომელზეც პულსარიდან CP 1919 მიღებული რადიოტალღები იყო გამოსახული. ასე დაიბადა როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარეკანი, რომელიც იდეალურად ჯდება Joy Division-ის შავბნელ, დეპრესიულ ესთეტიკაში.

Deftones - Gore (2016)

ალტერნატიული მეტალის კალიფორნიელი ვარსკვლავების მხრიდან ალბომის ყდაზე ცხოველებისა თუ ფრინველების გამოსახვა სიახლეს არ წარმოადგენს. მათი წინა ნამუშევრებიდან ერთ-ერთის გარეკანზე პონის, მეორეზე კი კატის ხილვაა შესაძლებელი. 2016 წელს გამოცემულ Gore-ში კი ვარდისფერი ფლამინგოების გუნდი გადაგიფრენთ თავზე. ეს ვიზუალი დიდებულ კონტრასტს ქმნის ჯგუფის მძიმე ჟღერადობასა და აგრესიულ ტექსტებთან მიმართებით.

John Coltrane - Blue Train (1958)

საინტერესოა, რაზე ფიქრობდა ჯონ კოლტრეინი ამ ფოტოს გადაღების მომენტში. შესაძლოა, სლომინსკის გამების ჯაზის სტრუქტურასთან მორგებასა და ჟანრის რევოლუციურ ცვლილებაზე (ყოველ შემთხვევაში, სულ რაღაც ორ წელიწადში კოლტრეინმა ზუსტად ეს გააკეთა ალბომით Giant Steps). რაც შეეხება "ლურჯ მატარებელს", ის დღემდე მუსიკოსის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩანაწერად ითვლება, რომლის პოპულარობაც დიდწილად ამ შესანიშნავმა გარეკანმაც განაპირობა.

New Order - Power, Corruption & Lies (1983)

იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ, Joy Division-ის წევრებმა New Order ჩამოაყალიბეს და ისევ პიტერ სავილს მიაკითხეს, რომლის ჩანაფიქრითაც, ჯგუფის მეორე ალბომის ყდაზე რენესანსის ეპოქის ტილო უნდა ყოფილიყო გამოსახული. ლონდონის გალერეებში სავილმა შესაფერისი ვერაფერი იპოვა. თუმცა, შემთხვევით ანრი ფანტენ-ლატურის ნატურმორტს "ვარდების კალათას" გადააწყდა, მეგობარმა გოგონამ კი ხუმრობით ურჩია, გარეკანისთვის სწორედ ეს ნახატი გამოეყენებინა. პიტერს ეს იდეა სერიოზულად დაუჯდა ჭკუაში და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც შექმნა. მისი განმარტებით, მშვენიერი ყვავილები მაცდური ძალაუფლების სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს კორუფციისა და სიცრუისკენ უბიძგებს.

Jay-Z - Magna Carta Holy Grail (2013)

ამ ალბომის გარეკანის იდეა ჯეი ზიმ მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწე იტალიელი მოქანდაკის, ბატისტა დი დომენიკო ლორენცის ნამუშევრიდან "ალფეუსი და არეთუსა" აიღო. სკულპტურა ნიმფა არეთუსას შესახებ ანტიკური მითითაა შთაგონებული, რომელსაც მდინარეების ღმერთი ალფეუსი გამუდმებით დასდევს. გარეკანი რეპერის პიროვნული ტრანსფორმაციის სიმბოლოა - კარიერის დასაწყისში ის ბრუკლინელი ქუჩის ბიჭი იყო და კოკაინის გაყიდვით ცდილობდა თავის გატანას, დღეს კი ყველაზე მდიდარი ჰიპ ჰოპ არტისტია. თუმცა, საკუთარი წარსულის აჩრდილი არასდროს ტოვებს.

The Strokes – Is This It (2001)

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა The Strokes სადებიუტო სტუდიური ალბომისთვის ყდა ფოტოგრაფ კოლინ ლეინს დაუკვეთა. ამ უკანასკნელს კი იდეა სპონტანურად მოუვიდა თავში, როდესაც აბაზანიდან გამოსულ მეგობარ გოგონას მოჰკრა თვალი. იღბლად, კოლინის სტილისტს სწორედ წინა დღეს დარჩა მის ბინაში ტყავის ხელთათამანი, რაც ხელოვანისთვის დამატებით შთაგონების წყაროდ იქცა.

The Velvet Underground & Nico - The Velvet Underground & Nico (1967)

როდესაც პოპ არტის მეფის, ენდი უორჰოლის პროტეჟე ხარ, ალბომის ყდაზე ფიქრით თავის ატკივება არ გიწევს. The Velvet Underground-ის წევრები, ისევე როგორც ნიკო, ლეგენდარული ამერიკელი ხელოვანის მიერ დაარსებული სტუდიის, Factory-ს წევრები იყვნენ. მათი საერთო სადებიუტო ნამუშევარი, თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად, დღეს საკულტო სტატუსით სარგებლობს. გარეკანზე გამოსახულ ბანანი კი კულტურულ ფენომენად და არაერთი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა.

Grace Jones – Island Life (1985)

იამაიკელი მუსიკოსის, სუპერმოდელისა და მსახიობის, გრეის ჯონსის ეს ნამუშევარი ჩვენს სიაში ჩამოთვლილი სტუდიური ალბომებისგან განსხვავებით, კომპილაციას წარმოადგენს. თუმცა, ამ ბრწყინვალე ყდის ხათრით გამონაკლისის დაშვებაზე ბევრი არ გვიფიქრია. თავდაპირველად ჟურნალ "ნიუ იორკში" დაბეჭდილ ფოტოზე ჯონსი საბალეტო ქორეოგრაფიაში "არაბესკას" სახელით ცნობილ მოძრაობას ასრულებს. გარეკანი დღემდე უზომო პოპულარობით სარგებლობს და მისი იმიტირება არაერთმა არტისტმა სცადა.

Soulwax – Nite Versions (2005)

ბევრი, ძალიან ბევრი პარალელური, დიაგონალური ხაზი. მათ შორის კი არტისტისა და ალბომის დასახელება - მარტივი და შესანიშნავი იდეაა. თუ წარწერებს ვერ ამჩნევთ, მოჭუტეთ თვალები, დააკვირდით ფოტოს და სწრაფად გადააქნიეთ თავი (არ გეხუმრებით, მიდით, გაბედულად). ამ ორიგინალურმა გარეკანმა ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ბელგიური ჯგუფის, Soulwax-ის პოპულარობა ერთიორად გაზარდა.

Yellow Magic Orchestra – Yellow Magic Orchestra (1978)

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთში იაპონია ეგზოტიკურობის პირდაპირ სინონიმად იქცა. საპასუხოდ, ამომავალი მზის ქვეყანამაც დაიწყო ამერიკული თუ ევროპული კულტურის ელემენტების ათვისება. ლეგენდარული ტრიოს Yellow Magic Orchestra სადებიუტო ალბომში სწორედ ეს ტენდენციაა ასახული. რუიტი საკამოტომ და კომპანიამ ჩანაწერში შესული კომპოზიციები ელექტრონული მუსიკის, ვიდეოთამაშების საუნდტრეკებისა და იაპონური ფოლკლორის შთაგონებით შექმნეს. ამ უცნაური მიქსის გარეკანს კი ვერაფერი დაამშვენებდა რობოტ გეიშაზე უკეთესად.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული