Thumbnail

წარმოგიდგენთ საკულტო ჯგუფების მოღვაწეობის პირველ წლებში გადაღებულ ფოტოსურათებს.

Depeche Mode

ფოტოს გადაღების მომენტში ამ ბიჭებს ჯერ ოცი წელიც კი არ შესრულებიათ, მათი სადებიუტო ალბომი Speak & Spell კი უკვე ბილბორდის ათეულშია. მალე ვინს კლარკი ჯგუფს დატოვებს, მის ნაცვლად ალან ვაილდერი მოვა და ჰიტების მწარმოებელი მანქანა სახელად Depechе Mode სრული დატვირთვით ამუშავდება. 
ფოტო: 1981

Radiohead

გაიცანით ბიჭები ებინგდონის სკოლიდან - ტომი, კოლინი, ფილი და ედი. მალე მათ კოლინის ძმა, ჯონიც შეუერთდება და ეპოქალური მნიშვნელობის მქონე ჯგუფი საბოლოო სახით დაკომპლექტდება. რაც შეეხება კედელზე გაკრულ პოსტერებს, Iron Maiden, დიდი ალბათობით, თინეიჯერული გატაცება იყო. აი, Marillion-ის სიყვარული კი მათ შემოქმედებაში დღემდე იკითხება.
ფოტო: 1986

Metallica

ამ ფოტოს გადაღებიდან მცირე ხანში გიტარისტ დეივ მასტეინს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული სიყვარულის გამო, ჯგუფის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც მან მეტალის კიდევ ერთი ტიტანი, Megadeth ჩამოაყალიბა. ბენდის ბასისტი, გენიალური კლიფ ბარტონი კი 1986 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რთული წარმოსადგენია, რა მწვერვალებს მიაღწევდა ისედაც ლეგენდარული კოლექტივი, ორიგინალური შემადგენლობა დღემდე რომ შეენარჩუნებინა.
ფოტო: 1982

Pink Floyd

უფრო სწორად ჯერ კიდევ Tea Set და The Pink Floyd Sound - ამ ორ სახელწოდებას შორის აკეთებდნენ მაშინ არჩევანს ახალბედა მუსიკოსები. ლეგენდარული კოლექტივის ერთ-ერთი იშვიათი ფოტო, სადაც ჯგუფის მეექვსე ოფიციალური წევრი ბობ კლოუზია გამოსახული. ახალგაზრდა გიტარისტს ჯაზი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სიდ ბარეტის ფსიქოდელიური იდეები, ამიტომაც რამდენიმე თვეში ბენდი დატოვა და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. 
ფოტო: 1965

Nirvana

ლეგენდარული სიეტლური გრანჟ კოლექტივის პირველი ფოტო 1988 წლითაა დათარიღებული. მარცხნივ ჩად ჩენინგია. დრამერი, რომელსაც ჯგუფის სადებიუტო ალბომის Bleach გამოსვლის შემდეგ, დეივ გროლი შეცვლის. დანარჩენი მუსიკოსების ცნობა კი, წესით, არ გაგიჭირდებათ. 
ფოტო: 1988

The Rolling Stones

ფილიპ თაუნსენდის მიერ გადაღებული ჯგუფის პირველი ფოტო. მაშინ The Rolling Stones-ის შესახებ სულ რამდენიმე ასეულ ადამიანს თუ სმენოდა - არც მიკ ჯაგერის სასცენო მოძრაობებისთვის მიბაძვას ცდილობდა ვინმე და არც კიტ რიჩარდსს თვლიდნენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად. ჯგუფმა სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ გამოსცა და ქუჩაში მშვიდად პოზირების შესაძლებლობაც სამუდამოდ წარსულში მოიტოვა. 
ფოტო: 1962

Oasis

მანჩესტერელ ფოტოგრაფს, პიტერ უოლშს მეგობარმა ახალბედა როკ ჯგუფისათვის ფოტოსესიის მოწყობა სთხოვა. პიტერი დათანხმდა და საკუთარი პორტფოლიო "ოაზისის" პირველი ფოტოებით გაამდიდრა. ამ დროისათვის ბრიტპოპის ლეგენდებს ჯერ პირველი კონტრაქტიც კი არ ჰქონდათ გაფორმებული.  
ფოტო: 1992

U2

ირლანდიური როკ ჯგუფის ეს ფოტო სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე ერთი წლით ადრეა გადაღებული. ცხრამეტი წლის ბონოსა და კომპანიას გვერდს პოსტ პანკ ბენდ Virgin Prunes-ის წევრი, დერეკ როუენი უმშვენებთ.
ფოტო: 1979

Joy Division

ფოტოს ცუდი ხარისხის მიუხედავად, იენ კერტისის საფირმო მოძრაობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. მანჩესტერულ კოლექტივს ამ დროს ჯერ კიდევ Warsaw ეწოდება. 1978 წლის დასაწყისში ბიჭები ჯგუფს სახელს გადაარქმევენ, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომს Unknown Pleasures გამოუშვებენ.
ფოტო: 1977

The Beatles

დიდი ალბათობით, პოლის, ჯონისა და ჯორჯის გვერდით გამოსახულ მეოთხე ახალგაზრდას ვერ ცნობთ. ეს პიტ ბესტია, Тhe Beatles-ის პირველი დრამერი. მან ჯგუფი 1962 წელს დატოვა და მისი ადგილი რინგომ დაიკავა. დანარჩენი კი თავადაც იცით.
ფოტო: 1957

კომენტარები

ბოლოს დამატებული