Thumbnail

მასაჩუსეტსის ტყეში Aerosmith-ის მიტოვებული საგასტროლო ფურგონი იპოვეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მასაჩუსეტსის ტყეში ლეგენდარული როკ ჯგუფის, Aerosmith-ის მიტოვებული საგასტროლო ფურგონი იპოვეს. 1964 წელს გამოშვებული ავტომობილი History Channel-ზე, ანტიკვარული ნივთების შესახებ გადაღებული ტელეშოუს, American Pickers-ის ახალ ეპიზოდში გამოჩნდა. 

ფურგონის ავთენტურობა "აეროსმიტის" ყოფილმა გიტარისტმა რეი ტაბანომ დაადასტურა, რომელიც ბენდში 1972-74 წლებში უკრავდა. მისი თქმით, 40 წლის წინ ჯგუფი ტურნეში სწორედ ამ მანქანით დადიოდა. 

"ამ ფურგონით ბოსტონიდან ნიუ ჰემფშირში მივდიოდით, სადაც კონცერტში 125 დოლარს გვიხდიდნენ. გზის ხარჯების ანაზღაურების შემდეგ, ჯგუფის წევრებს 3-3 დოლარი გვერგებოდა", - იხსენებს ტაბანო.

დაჟანგულ ავტომობილს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჩესტერფილდში მიაგნეს, რომელსაც ბოსტონისგან 160 კილომეტრი აშორებს. 70-იანი წლების დასაწყისში "აეროსმიტის" წევრები სწორედ ბოსტონში ცხოვრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ American Pickers-ის პროდიუსერებმა ადგილობრივ ფერმერს მანქანის სანაცვლოდ 25,000 დოლარი გადაუხადეს.

Aerosmith 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა, სამი წლის შემდეგ კი ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელა. კოლექტივი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი ბათუმშიც გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული