Thumbnail
ფოტო: MZ09

მუსიკოსების უმეტესობა საკუთარ ჯგუფთან ერთად პოპულარობის მოპოვებას თავდაუზოგავად ცდილობს. თუმცა, რამდენიმე არტისტმა სხვადასხვა დროს ორ ან მეტ კოლექტივში მოღვაწეობითაც გაითქვა სახელი. ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

10. დეიმონ ალბარნი

დეიმონ ალბარნმა 1988 წელს ბრიტპოპისა და ალტერნატიული როკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჯგუფი Blur დააარსა. 10 წლის შემდეგ კი ჰიპ ჰოპითა და ელექტრონული მუსიკით დაინტერესებამ ვირტუალური ბენდის, Gorillaz-ის შექმნისაკენ უბიძგა.

ამ კოლექტივების გარდა, ალბარნის სახელს სხვა უამრავი პროექტი უკავშირდება, დაწყებული ფილმების საუნდტრეკებზე მუშაობით და დამთავრებული აფრიკელ ფოლკ არტისტებთან კოლაბორაციებით. ასე რომ, 2016 წელს მან მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი სავსებით დამსახურებულად მიიღო.

9. ალექს ტერნერი

22 წლის ასაკში ალექს ტერნერი უკვე ორი წარმატებული როკ ჯგუფის ფრონტმენი იყო. შეფილდში დაბადებული მომავალი ვარსკვლავი ძალზედ მუსიკალურ გარემოში გაიზარდა - ის ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მოზარდობაში კი საქსოფონსაც დაეუფლა.

2002 წელს ტერნერმა კოლექტივი Arctic Monkeys შექმნა, რომლის პირველი ჩანაწერიც Whatever People Say I’m, That’s What I’m Not დღემდე რჩება ყველაზე სწრაფად გაყიდვად სადებიუტო ალბომად ბრიტანული ჩარტების ისტორიაში. 2007 წელს კი მან და სხვა ბრიტანული ბენდების (Simian Mobile Disco, The Rascals, Mini Mansions) წევრებმა სუპერჯგუფი The Last Shadow Puppets ჩამოაყალიბეს.

8. ბერნარდ სამნერი

საკულტო პოსტ პანკ ჯგუფის, Joy Division-ის სამივე ყოფილ წევრს შეუძლია, ამ სიაში მოხვედრაზე პრეტენზია განაცხადოს. 1980 წელს კოლექტივის ფრონტმენმა, იენ კერტისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბერნარდ სამნერმა, პიტერ ჰუკმა, და სტივენ მორისმა კი ახალი ბენდი New Order შექმნეს, რომელიც თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

ამ ტრიოდან კი სამნერი მარტივი მიზეზის გამო გამოვარჩიეთ - 1988 წელს მან The Smiths-ის ყოფილ გიტარისტთან, ჯონი მართან ერთად დენს დუეტი Electronic ჩამოაყალიბა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

7. ჯეკ უაითი

აწ დაშლილი დუეტის, The White Stripes-ის ფრონტმენი, ჯეკ უაითი სხვა ორი წარმატებული ჯგუფის The Dead Weather და The Raconteurs წევრიცაა - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი კარიერული მიღწევაა. ამ ყველაფერს თან ერთვის შესანიშნავი სოლო დისკოგრაფია, კოლაბორაციები სუპერპოპულარულ არტისტებთან და კიდევ უამრავი სხვა პროექტი, რომელთა ჩამოსათვლელადაც ჩვენი სტატიისათვის გამოყოფილი სივრცე, უბრალოდ, არ გვეყოფა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი როკ ვარსკვლავი ბავშვობაში კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული. თუმცა, მოგვიანებით ლეგენდარული ბენდების The Doors, Led Zeppelin, Pink Floyd შემოქმედების აღმოჩენამ ყველაფერი შეცვალა.

6. პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნის The Beatles-ში მოღვაწეობის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველას გვსმენია. ამ ლეგენდარული ბენდის დაშლიდან ერთ წელიწადში მუსიკოსმა ახალი კოლექტივი Wings ჩამოაყალიბა, რომლის თავდაპირველ შემადგენლობაშიც დრამერი დენი საველი და გიტარისტი დენი ლეინი შედიოდნენ. პოლის ცოლმა, ლინდა მაკკარტნიმ კი კლავიშისტისა და მეორე ვოკალისტის როლი მოირგო.

ჯგუფმა გამორჩეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა, კრიტიკასაც ხშირად იმსახურებდა - მაკკარტნის შემოქმედებით პროცესში აბსოლუტური დიქტატურა ჰქონდა დამყარებული, შესაბამისად, მსმენელები Wings-ს მის სოლო პროექტად უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე სრულფასოვან ბენდად.

5. კრის კორნელი

კრის კორნელის საოცარი ვოკალური მონაცემების მხოლოდ ერთ პროექტში გამოყენება ნამდვილი დანაშაული იქნებოდა. სიეტლელმა მუსიკოსმა გრანჟისა და ალტერნატიული როკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბენდის, Soundgarden-ის ფრონტმენობით გაითქვა სახელი. 1990 წელს კი ამ ჟანრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სუპერჯგუფი Temple of the Dog დაარსა, რომელმაც ერთადერთი, მაგრამ შესანიშნავი სტუდიური ალბომის ჩაწერა შეძლო.

2001 წელს მომღერალმა პოპულარული რეპკორ ბენდის, Rage Against the Machine-ის ყოფილ წევრებთან ერთად მორიგი კოლექტივი Audioslave შექმნა. 2017 წელს კორნელის ბრწყინვალე კარიერას წერტილი ტრაგიკულად დაესვა - მან ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

4. დეივ გროლი

თუ როკის საშუალო სტატისტიკურ მსმენელს ისეთი მუსიკოსის დასახელებას სთხოვთ, რომელმაც ორ ან მეტ წარმატებულ კოლექტივში მოღვაწეობით მიაღწია წარმატებას, მას პირველ რიგში სწორედ დეივ გროლი გაახსენდება. 1990 წელს დეივმა "ნირვანაში" დრამერის პოზიცია დაიკავა, რასაც მცირე ხანში ეპოქალური ალბომი Nevermind მოჰყვა.

1994 წელს კურტ კობეინის თვითმკვლელობის შემდეგ ბენდი დაიშალა, გროლმა კი ახალი ჯგუფი Foo Fighters შექმნა, სადაც გიტარისტისა და ვოკალისტის როლი მოირგო. მის ათობით სხვა კოლაბორაციულ პროექტს შორის Them Crooked Vultures გამოირჩევა, სადაც მუსიკოსს პარტნიორობას გიტარისტი ჯოშ ჰომი (Queens of the Stone Age) და ბასისტი ჯონ პოლ ჯონსი (Led Zeppelin) უწევენ.

3. დიო

მძიმე მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა რონი ჯეიმს დიო საოცრად შთამბეჭდავი კარიერითა და მრავალფეროვანი დისკოგრაფიით გამოირჩეოდა. მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1967 წელს როკ ჯგუფში Elf დაიწყო, რომელთან ერთადაც სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა. 1975 წელს კი ის "დიფ ფარფლის" ყოფილმა გიტარისტმა, რიჩი ბლექმორმა ახლად შექმნილ Rainbow-ში მიიწვია. პროექტში, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

"რეინბოუს" დატოვების შემდეგ რონიმ 1979 წელს ლეგენდარულ "ბლექ საბათში“ ოზი ოსბორნი ჩაანაცვლა, 1982 წელს კი საკუთარი ბენდი Dio დაარსა. საოცარი ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი მუსიკის სამყარომ 2010 წელს დაკარგა. 

2. ერიკ კლეპტონი

ლეგენდარული როკ ჯგუფის The Yardbirds წევრთა სია ვარსკვლავების ნამდვილი გალაქტიკაა - ბრიტანულ კოლექტივში გიტარისტის როლს სხვადასხვა დროს ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი და ერიკ კლეპტონი ირგებდნენ. ამ უკანასკნელმა 1966 წელს მუსიკის ისტორიაში პირველი სუპერჯგუფი Cream დაარსა, მცირე ხანში კი კიდევ ერთი საკულტო ბენდის, Derek and the Dominoes-ის წევრი გახდა.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან თითოეულის ჟღერადობას განსაკუთრებულს სწორედ გენიალური გიტარისტის დაკვრის მანერა ხდიდა. დიდ ბრიტანეთში დღემდე შეხვდებით სტენსილებს წარწერით "კლეპტონი ღმერთია". რთულია, ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი შევიტანოთ.

1. ბიორკი

პოპულარულმა ისლანდიელმა მომღერალმა სადებიუტო ალბომი 11 წლის ასაკში ჩაწერა, ხოლო 16 წლისამ პოსტ პანკ ჯგუფი Tappi Tikarrass ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, ბიორკი წარმატებული ალტერნატიული როკ ბენდის, The Sugarcubes-ის წევრი გახდა, 1983 წელს კი ადგილობრივი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულ სუპერჯგუფს Kukl შეუერთდა.

ჩვენც გვესმის, რომ ეს პროექტები პოპულარობისა და მნიშვნელობის მხრივ ზემოთ ჩამოთვლილ კოლექტივებს ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენი რედაქციის თანამშრომელი და შეთავსებით ბიორკის ყველაზე დიდი ქართველი თაყვანისმცემელი, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბადრი ტერორს განაგრძობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული